ლუკა სირაძის საქმე

15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 10 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა. პროკურატურა კი, მოწმე არასრულწლოვნებზე ზეწოლისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე საუბრობდა.

ბრალდებული დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. მისი ადვოკატების თქმით, მარიანა ჩოლოიანი შეუძლოდ არის და მას ექიმების მეთვალყურეობა სჭირდება. 

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების ყოფილ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალად 15 წლის ლუკა სირაძისგან ჩვენების იძულებით მიღება ედება. ოჯახის და საიას შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაადასტურა, რომ მარიანა ჩოლოიანი მოზარდს ექვს საათზე მეტ ხანს, გვიან ღამემდე კითხავდა და "დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში", ძმისთვის "გარკვეული პრობლემების" შექმნით ემუქრებოდა. მას ბრალი ორ ეპიზოდში აქვს წარდგენილი.

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. თავდაპირველად, ოჯახმა და საიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება". ფაქტი, რომ მოზარდი 20 წუთის განმავლობაში მშობლის გარეშე იმყოფებოდა პოლიციაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 19 დეკემბერს დაადასტურა.

ასევე, საქმეზე ცნობილია, რომ გამოკითხვის შემდეგ, კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენების იძულებით მიღებისთვის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა კლინიკაში შეუფარდეს. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის მტკიცებით, მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მარიანა ჩოლოიანის გარდა, კიდევ მინიმუმ სამი პოლიციელი ახდენდა. სახელმწიფო ინსპექტორმა საქმის შესწავლა დეკემბერში დაიწყო და განაცხადა, რომ "თუ გამოიკვეთა სხვა პირების ბრალეულობის საკითხი", არ მოერიდება ამ მტკიცებულებებზე ხმამაღლა საუბარს. 7 თებერვალს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გენერალურ ინსპექციას მიმართა საქმეში სხვა პოლიციელების გადაცდომებზე რეაგირების მოთხოვნით.

"შეკრებილი მტკიცებულებებით იკვეთება, რომ პოლიციის ერთერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით, უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლუკა სირაძეს, ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და არასრულწლოვანს გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით" - აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი.

კომენტარები