გიგი უგულავას დაპატიმრება

მდინარაძე ოპოზიციის კომპრომისულ ვარიანტზე: ხუმრობის ხასიათზე დააყენა ყველა

ტაბულა

ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი მამუკა მდინარაძე თვლის, რომ 10 თებერვალს ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებულმა კომრომისულმა ვარიანტმა, რომელიც პარლამენტში 135 დეპუტატის პროპორციული წესით, ხოლო 15-ის მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს, "ხუმრობის ხასიათზე დააყენა ყველა". 

ამის შესახებ მამუკა მდიანრაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ოპოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა

ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დიალოგზე მას შემდეგ თქვა უარი, რაც ქართულმა ოცნებამ უზენაესი სასამართლოს ხელით ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. 

მდინარაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უგულავას დაპატიმრება "საბაბად გამოიყენეს", რათა "აეყირავებინათ მოლაპარაკებების მაგიდა". 

თუმცა, უგულავას დაპატიმრებამდე რამდენიმე საათით ადრე ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ზემოხსენებული კომპრომისული ვარიანტი შეიმუშავეს, რომლის შეთავაზებასაც ისინი ხელისუფლებისთვის გეგმავდნენ. მამუკა მდინარაძე კი მიიჩნევს, რომ საარჩევნო მოდელის ვარიანტის შეთავაზება უგულავას განაჩენამდე რამდენიმე საათით ადრე ოპოზიიცის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი. 

"მათ თქვეს ერთი ვერსია 135/15-ზე, შემდეგ გაახმოვანეს 130/20-ზე, რამდენად სერიოზული, რეალური და რაციონალურია, ამას საზოგადოება გადაწყვეტს. ამან ხუმრობის ხასიათზე დააყენა ყველა, შეიძლება არ იყოს, სახუმაროდ საქმე, მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე, რომ იყოს 15 მაჟორიტარი და ერთი მაჟორიტარი 20 ან 8 ან 12 საარჩევნო უბანს აერთიანებდეს, მე არ მგონია სერიოზული,"- ამბობს მამუკა მდინარაძე. 

ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საელჩოებისა და ევროკავშირის ელჩის განცხადებებით ჩანს, რომ დიალოგს საფრთხეს გიგი უგულავას დაპატიმრება უქმნის.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, "დიალოგი პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალ სასამართლო სისტემას მოითხოვს". 

ამასთან, ევროკავშირის განცხადებით, "საქმის გარშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის წინსვლას".

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი კი ამბობს, რომ იზიარებს შეხედულებას, რომ უგულავას დაპატიმრება "პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებას ხელს არ შეუწყობს". 

საქმეზე, რომელზეც მას ერთხელ უკვე მოხდილი აქვს სასჯელი, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავს 10 თებერვალს თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 2 თვით მიუსაჯა. უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვა საპროტესტოს ტალღის ფონზე დაიწყო. 

კომენტარები