ამერიკელი ლობისტები

ქართულმა ოცნებამ აშშ-ში ახალი ლობისტური კომპანია დაიქირავა, კონტრაქტის ფასი $900 ათასია

ქართულმა ოცნებამ აშშ-ში ახალი ლობისტური კომპანია, Hogan Lovells დაიქირივა. ხელშეკრულება 30 იანვარს არის შედგენილი და ოცნების მხრიდან მას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

კომპანიის მიერ აშშ-ის FARA-ზე ატვირთული წერილი ბიძინა ივანიშვილს მიემართება. გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ კომპანია მმართველ პარტიას აშშ-სთან ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობის განმტკიცებაში უნდა დაეხმაროს. 

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კომპანია ქართულ ოცნებას ადვოკატირებას გაუწევს აშშ-ის სახელმწიფო თანამდებობის პირებთან და გაუწევს კონსულტაციებს სტრატეგიის შემუშავებაში. მომსახურების ყოველთვიური საფასური 75 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო ხანგრძლივობა - 2021 წლის იანვრამდეა განსაზღვრული. 

ამგვარად, ახალი ლობისტური კომპანიის მომსახურებაში ქართული ოცნება 900 ათას დოლარს გადაიხდის. 

2019 წელს საქართველოს მთავრობამ აშშ-ში ლობისტური კომპანიების მომსახურება 2.7 მილიონი დოლარი დაუჯდა. 

გასულ წელს საქართველოს მთავრობამ ლობისტურ კომპანიებთან სულ, 2,7 მილიონი დოლარის ხელშეკრულება გააფორმა. 2019 წელს პირველი კონტრაქტი კომპანია Strate Various Inc-თან დაიდო. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია საქართველოს მთავრობას აშშ-ის პოლიტიკის ანალიზსა და გენერალური სტრატეგიის შემუშავებაში უნდა დახმარებოდა. ამავდროულად, კომპანიას უნდა მოემზადებინა პრინციპული გზავნილები საქართველოს ოფიციალური პირებისთვის. ეს ხელშეკრულება 2019 წლის 25 იანვარს გაფორმდა და ვადად 31 დეკემბერი განისაზღვრა. ამ პერიოდში ყოველთვიური გადასახდელი თანხა 12 ათას დოლარს შეადგენდა, რაც წელიწადში 180 ათას დოლარს უტოლდებოდა. 

იმავე წელს გაფორმდა ერთერთი ყველაზე მსხვილი ლობისტური კონტრაქტი ახალ მომწოდებელთან. 2019 წლის 29 მარტს საქართველოს მთავრობამ, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას სახელით, კომპანია Hill+Knowlton Strategies-თან გააფორმა ხელშეკრულება. დადებული კონტრაქტის ღირებულებამ 1,8 მილიონი დოლარი შეადგინა. 

2017-2018 წლებში გაფორმებული კიდევ ორი ხელშეკრულება იძებნება. 2018 წელს Chartwell Strategy Group LLC-ის მომსახურებაში სახელმწიფომ სულ 545 ათასი დოლარი გადაიხადა, ხოლო Strate Various მომსახურება ბიუჯეტს 144 ათასი დოლარი დაუჯდა. 

კომენტარები