ამერიკელი ლობისტები

BuzzFeed: ივანიშვილის მოკავშირეებისთვის არჩევნებამდე აშშ-ში შეხვედრა იმართება

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

ამერიკული ონლაინგამოცემა BuzzFeed-ის ინფორმაციით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 ოქტომბერს, ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში ლობისტური კომპანია Friedlander Group-ის მიერ იმართება მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობას ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი და აქტივისტი მირიან ყარაულაშვილი მიიღებენ.

ამერიკული გამოცემის ცნობით, მრგვალ მაგიდაზე განიხილავენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მასში მონაწილეობას, სულ მცირე, ერთი კონგრესმენი მაინც მიიღებს. BuzzFeed-ის ცნობით, ეს არის ერთ-ერთი პირველი მსგავსი შეხვედრა მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამერიკელ ლობისტებში ნაკლები რესურსი დაეხარჯა.

BuzzFeed წერს, რომ მოსაწვევებში, რომელიც მრგვალი მაგიდის პოტენციურ მონაწილეებს Friedlander Group-ის ხელმძღვანელმა ეზრა ფრიდლენდერმა გაუგზავნა, მოცემულია ინფორმაცია მრგვალი მაგიდის შესახებ. მოსაწვევის მიხედვით, მრგვალი მაგიდის თანამონაწილეები არიან კონგრესმენები ჯონ შიმკუსი და ადამ შიფი. როგორც ეზრა ფრიდლენდერმა BuzzFeed-ს განუცხადა, მისი კომპანია საქართველოს მთავრობას ლობისტურ მომსახურებას არ უწევს და ეს რომ ასე ყოფილიყო, შესაბამისი ხელშეკრულება დარეგისტრირებული იქნებოდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში. ფრიდლენდერის თქმით, მას კაპიტოლიუმში შეხვედრის ორგანიზება ერთმა ებრაელმა მეგობარმა სთხოვა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა. ეზრა ფრიდლენდერის თქმით, Friedlander Group-ს შეხვედრის ორგანიზებისთვის დაფინანსება არ მიუღია.

კონგრესმენ შიფის პრესსპიკერმა BuzzFeed-ს უთხრა, რომ კონგრესმენის გვარი შეხვედრის ორგანიზატორებმა შეცდომით ჩასვეს მოსაწვევში და ის ამ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა, პრესსპიკერის ცნობით, კონგრესმენს მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა საქართველოს საელჩოდან სთხოვეს. რაც შეეხება კონგრესმენ შიმკუსს, მისი პრესსამსახურის ცნობით, ის დაესწრება მრგვალ მაგიდას.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანამშრომელმა მანანა თოქმაჯიშვილმა ტაბულას განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობას ურთიერთობა აქვს მხოლოდ იმ ლობისტურ კომპანიებთან, ვისთანაც ხელშეკრულება ოფიციალურადაა გაფორმებული, ხოლო მათ შორის არ არის Friedlander Group.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობების მრჩევლის დათო მაღრაძის თქმით კი, მთავრობას და საქართველოს საელჩოს აშშ-ში არანაირი კავშირი არ აქვთ 23 ოქტომბერს ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრასთან.

"წარმოდგენაც კი არ გვაქვს, რას წარმოადგენს Friedlander Group და მათთან არანაირი კავშირი არ გვაქვს", - განუცხადა დათო მაღრაძემ ტაბულას.

ტაბულამ ინფორმაციის გადამოწმება ჟურნალისტ ირმა ინაშვილთანაც სცადა, თუმცა, მისგან ვერ მივიღეთ ინფორმაცია, ნამდვილად მონაწილეობს თუ არა ვაშინგტონში დაგეგმილ მრგვალ მაგიდაში. ინაშვილის განცხადებით, ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატია შეკვეთილია ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერებისა და ტაბულას დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ.

"ასეთი ტიპის სტატიები არის დაკვეთილი სააკაშვილის თანამოაზრეებისგან და მისი გუნდის მხრიდან და სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. თქვენი მოვალეობაა ანალიზი გააკეთოთ და მითხრათ, რატომ არ მირეკავს მაესტრო, არ მირეკავს იმედი და მირეკავს ტაბულა და მირეკავს ყველა ის გამოცემა, რომელიც კავშირშია სააკაშვილის ხელისუფლებასთან", - განგვიცხადა ირმა ინაშვილმა.

BuzzFeed არის ამერიკული ონლაინგამოცემა, რომელსაც თვეში საშუალოდ 60 მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, მისი დამფუძნებელი კი Huffington Post-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი იონა პერეტია.

კომენტარები