გიგი უგულავას დაკავება

ვოლსკი: ეჭვია, სანამ უგულავას თემა წინ წამოვიდოდა, განზრახვა იყო მოლაპარაკებების ჩაშლა

ტაბულა

"ეჭვი ჩნდება, რომ სანამ გიგი უგულავას თემა წამოვიდოდა წინ, განზრახვა იყო, რომ ეს მოლაპარაკებები არ შემდგარიყო", - ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი გია ვოლსკი ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეწყვიტას.

ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყვიტა, რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსჯა საქმეზე, რომელზეც ოპოზიციის ლიდერს სასჯელი ერთხელ უკვე მოხდილი აქვს. ოპოზიციამ თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ მოლაპარაკების რესურსი ამოწურა. 

გუშინ, 10 თებერვალს, 15:00 საათიდან ოპოზიცია კონსულტაციებს მართავდა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის შესათავაზებელ კომპრომისულ ვარიანტსაც განიხილავდა. ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ, რომ ისინი მაჟორიტარული სისტემის პირობებში მანდატების ასე განაწილებაზე მსჯელობდნენ - პროპორციული სიით 135 დეპუტატი, მაჟორიტარულით - 15, ან პროპორციულით 130, მაჟორიტარულით - 20. 

მიუხედავად ამისა, გია ვოლსკის ამბობს, რომ შეწყვეტილი მოლაპარაკებები მიზეზია ოპოზიციისთვის, რომ შექმნილი დაძაბულობა კიდევ უფრო გაღრმავდეს - "დაუბრუნდნენ იმ რევოლუციურ სცენარს, რომელიც დიდი ხანია მათ გეგმებში არსებობს".

როგორც ვოლსკი განმარტავს, ქართულ ოცნებაში არსებობდა ეჭვი, რომ ოპოზიციისთვის მთავარი ამოცანა მოლაპარაკებები არ ყოფილა.

"შემოთავაზება თუნდაც ეს 130/20-თან თუ რაღაც, უსაფუძვლო და შეუსაბამოა ვენეციის კომისიის დასკვნებთან, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ რეგიონების უსამართლო გადანაწილება არ უნდა მოხდეს და პროპორციულობა უნდა დავიცვათ. აქედან, დამატებითი ეჭვი ჩნდება, რომ სანამ წინ გიგი უგულავას თემა წამოვიდოდა წინ, განზრახვა იყო, რომ ეს მოლაპარაკებები არ შემდგარიყო", - ამბობს გია ვოლსკი.

ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები გუშინ, 10 თებერვალს შეწყვიტა. მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი თვის ბოლოს უნდა გამართულიყო.

გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საქმისთვის, რომელზეც სასჯელი მან ერთხელ უკვე მოიხადა - პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

კომენტარები