გიგი უგულავას დაკავება

მდინარაძე უგულავაზე: არაერთი თანამდებობის პირი იხდის სასჯელს ორასჯერ ნაკლები თანხის გამო

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე, გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაერთი თანამდებობაზე მყოფი პირი "გასამართლებულია და შეფარდებული აქვთ მკაცრი სასჯელები, ასჯერ და ორასჯერ ნაკლები თანხის გამო." 

"შეგვიძლია გავიხსენოთ ერმაკოვი, ბათუმის მერი, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ფოთის მერი... ეს არის სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში",-ამბობს მდინარაძე. 

მდინარაძის თქმით, ოპოზიცის წევრები აპელირებენ, რომ გიგი უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გაასამართლეს, თუმცა, მისივე თქმით, ეს არის "აბსოლუტურად სპეკულაციური მესიჯი."

"პროკურატურა ყველა ეტაპზე, 2013 წლიდან მოყოლებული, ამბობდა, რომ ეს არის გაფლანგვა, რაშიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები არ დაეთანხმნენ და პროკურატურის ეს პოზიცია გაიზიარა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ამაში კანონდარღვევა არაფერია",-ამბობს მდინარაძე. 

მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკური ოპონენტები პროცედურულ დარღვევაზე საუბრობენ, "სადაც პროცედურული დარღვევა არ არის" და არ საუბრობენ 48 მილიონზე და მის გაფლანგვაზე, "სადაც არის რეალურად დანაშაული".  

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირა და თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გამო, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, მას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.  

გიგი უგულავა დასაპატიმრებლად ორთაჭალის პოლიციის განყოფილებაში თვითონ მივიდა, საიდანაც ის ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. 

უგულავას პატიმრობაში დაბრუნებას სენატორი ჯიმ რიში და კონგრესმენი ადამ კინზინგერი გამოეხმაურნენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში წერს, რომ "დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა - მიუღებელი საქციელია".   

"სასამართლოს იარაღად გამოყენება, დემოკრატია არაა" - წერს კონგრესმენი ადამ კინზინგერი.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უგულავას დაპატიმრებას საარჩევნო წელთან კავშირი არ აქვს და "არ უნდა მოვახდინოთ თემის პოლიტიზება".

უგულავას დაპატიმრების გამო ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეწყვიტა.

კომენტარები