გიგი უგულავას დაკავება

მდინარაძე კინზინგერზე: ვეთანხმები, თუმცა სასამართლოს იარაღად გამოყენება ჩვენთან არ ხდება

ტაბულა

ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე კონგრესმენ კინზინგერის კრიტიკას ეხმაურება. "სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის" - წერს კინზინგერი უგულავასთვის პატიმრობის მისჯაზე. 

"მეც დავეთანხმები, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის, ეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება",-ამბობს მდინარაძე. 

მდინარაძის თქმით, სასამართლოს იარაღად გამოყენება 2012 წლამდე ხდებოდა და აღარასდროს მოხდება.

"ნებისმიერ ჩვენს კოლეგას ვეტყვი მთელი პასუხისმგებლობით, რომ სასამართლო პოლიტიკური იარაღი ქართული ოცნების ხელში არ არის",-ამბობს მდინარაძე. 

მდინარაძე ამბობს, რომ კონგრესმენები და სენატორები, შესაძლოა, კიდევ შეცდომაში არიან შეყვანილი. მისი თქმით, მმართველი პარტია მუშაობას გააგრძელებს, რათა "მსგავსი პრეცედენტები" შემცირდეს. 

"ჩვენ ვნახეთ წინა შემთხვევა, როდესაც, სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაციის საფუძელზე, კონკრეტული განცხადებები გაკეთდა, შემდეგ ვნახეთ რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებები - აბსოლუტურად პოზიტიური და აბსოლუტურად განსხვავებული",-ამბობს მამუკა მდინარაძე.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირა და თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გამო, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, მას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.  

გიგი უგულავა დასაპატიმრებლად ორთაჭალის პოლიციის განყოფილებაში თვითონ მივიდა, საიდანაც ის ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. 

უგულავას პატიმრობაში დაბრუნებას სენატორი ჯიმ რიშიც გამოეხმაურა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში წერს, რომ "დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა - მიუღებელი საქციელია". 

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უგულავას დაპატიმრებას საარჩევნო წელთან კავშირი არ აქვს და "არ უნდა მოვახდინოთ თემის პოლიტიზება".

უგულავას დაპატიმრების გამო ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეწყვიტა.

კომენტარები