გიგი უგულავას დაკავება

ბაქრაძე: ციხეში მყოფი უგულავა არათუ ლიდერად დარჩება, უფრო საშიში იქნება ქართული ოცნებისთვის

ტაბულა

ევროპული საქარველოს ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, თავიდანვე ნათელი იყო, რომ გიგი უგულავა პოლიტიკური სამიზნე იყო. როგორც ბაქრაძე განმარტავს, უგულავას პატიმრობის უკან პირადად ბიძინა ივანიშვილის კაფიო ინტერესი ჩანს.

მისივე თქმით, უგულავას პოლიტპატიმრობას მალე არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ საერთაშორისო პარტნიორებიც აღიარებენ. ბაქრაძის შეფასებით, ამის პირველი ნიშნები უკვე არსებობს.

"მინდა ვუთხრა ქართულ ოცნებას, ციხეში მყოფი გიგი უგულავა თქვენთვის იქნება ბევრად უფრო საშიში, ვიდრე გარეთ მყოფი, იმიტომ, რომ იქნება ძალიან მწვავე საერთაშორისო რეაქცია და უფრო გაღრმავდება. მთელი ის პროცესი, როდესაც საგარეო მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე კარდაკარ დადიოდნენ ვაშინგტონში და კონგრესმენებს გარანტიებს აძლევდნენ, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიციის დევნა არ მიმდინარეობს და პოლიტიკურ დიალოგში არიან ჩართული, მთელი ეს პროცესი თავზე ჩამოერღვევა ქართულ ოცნებას და ყველა იმ მოტყუებული კონგრესმენისგან, სენატორისგან, თუ ევროპარლამენტარისგან უნდა ველოდოთ უმწვავეს რეაქციას.

ქართულმა ოცნებამ დღეს ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ არამხოლოდ თავად მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლირებაში, არამედ ქვეყანას შეუქმნის დასავლეთისგან იზოლირების საფრთხეს. ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ხელისუფლება, რომელიც რეალურად ხელს უშლის საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაში, წელსვე არჩევნების გზით უნდა გავისტუმროთ სახლში. ამიტომ ვამბობ, რომ ციხეში მყოფი გიგი უგულავა არათუ ლიდერად დარჩება, უფრო საშიში იქნება ქართული ოცნებისთვის, ეს ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა დღევანდელმა ხელისუფლებამ მისი დაპატიმრების სახით.", - ამბობს ბაქრაძე.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირა და თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გამო, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, მას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.  

გიგი უგულავა დასაპატიმრებლად ორთაჭალის პოლიციის განყოფილებაში თვითონ მივიდა, საიდანაც ის ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. 

უგულავას პატიმრობაში დაბრუნებას სენატორი ჯიმ რიში და კონგრესმენი ადამ კინზინგერი უკვე გამოეხმაურნენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში წერს, რომ "დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა - მიუღებელი საქციელია". 

"სასამართლოს იარაღად გამოყენება, დემოკრატია არაა" - წერს კონგრესმენი ადამ კინზინგერი. 

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უგულავას დაპატიმრებას საარჩევნო წელთან კავშირი არ აქვს და "არ უნდა მოვახდინოთ თემის პოლიტიზება".

უგულავას დაპატიმრების გამო ოპოზიციამ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეწყვიტა.

კომენტარები