აშშ-საქართველო

კინზინგერი: ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მხარეებს შორის გადაუჭრელი განსხვავებები არსებობს

საქართველოს პარლამენტი

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა, საქართველოს პარლამენტის სპიკერთან, არჩილ თალაკვაძესთან, შეხვედრის შესახებ Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა

კინზინგერი წერს, რომ ხუთშაბათს მას თალაკვაძეს "პროდუქტიული შეხვედრა" ჰქონდა, სადაც აშშ-საქართველოს ურთიერთობების კუთხით ორივემ დაადასტურა საერთო მიზნები.

"ვაფასებ თავმდჯომარე თალაკვაძის ძალისხმევას, ჩამოსულიყო აქ და განგვეხილა ჩვენი ალიანსის მნიშვნელობა და ასევე ვაფასებ ჩვენს მეგობრობას,"- წერს კინზინგერი. 

კინზინგერის თქმით, თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ ის იმ პარტიების წარმომადგენლებს ესაუბრა, რომლებიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მხარეებს წარმოადგენენ. 

"მიუხედავად პროგრესისა, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გადაუჭრელი განსხვავებები არსებობს," - წერს კინზინგერი. 

რესპუბლიკელი კონგრესმენის თქმით, "დემოკრატია მარტივი არ არის" და მიუხედავად იმისა, რომ პროტესტები თავისუფალ ქვეყანაში ნორმალური მოვლენაა, ის მშვიდობიანი უნდა იყოს. 

"ამასთან, მოქალაქეები უნდა ცხოვრობდნენ იმ განცდით, რომ მათი მართლმსაჯულების სისტემა ყველასთვის სამართლიანი, დამოუკიდებელი და პოლიტიკური აფილაციისგან დამოუკიდებელი იქნება.

საქართველოში ყველა ჩართული მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე, რათა მიაღწიონ იმ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, რომლისკენაც იღწვიან. როგორც საქართველოს თანამეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მეაშშ-საქართველოს ურთიერთობის მტკიცე მხარდამჭერად ვრჩები,"- წერს კინზინგერი. 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ვაშინგტონში ვიზიტით გასულ კვირას იმყოფებოდა. ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მმართველმა გუნდმა აშშ-ის მხრიდან არაერთი კრიტიკული წერილი მიიღო. 

კომენტარები