ავღანეთში სამხედრო ოპერაციისას 2 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, 6 დაშავდა

CNN

ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში 8 თებერვალს აშშ-ისა და ავღანეთის ძალების ერთობლივი ოპერაციისას ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ორი დღის შემდეგ დაღუპულთა ვინაობა გაასაჯაროვა. ოპერაციისას მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპნენ სერჟანტები ხავიერ გუტიერეზი და ანტონიო როდრიგესი. ორივე მათგანი 28 წლის იყო და სპეციალური ძალების მეშვიდე ჯგუფის მესამე ბატალიონში ირიცხებოდა.

პენტაგონში ამბობენ, რომ დაჭრილების მკურნალობა გრძელდება და მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ცეცხლი ავღანეთის სამხედრო ძალების ფორმაში ჩაცმულმა პირმა გახსნა. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ თავდასხმას ერთი ავღანელი სამხედროს სიცოცხლეც ემსხვერპლა და სამი დაიჭრა.

ამჟამად ავღანეთში 13,000-მდე ამერიკელი სამხედრო მსახურობს. დონალდ ტრამპმა კონგრესში ყოველწლიურ გამოსვლაში მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ისაუბრა.

კომენტარები