გიგი უგულავა

უგულავა: არანაირ ვაჭრობას არ ვაპირებ, ციხედ რომ დამიჯდეს, აღიარებით ჩვენებას ვერ მიიღებენ

გიგი უგულავა
ტაბულა

"წინასწარ და პირდაპირ ვამბობ, არანაირ ვაჭრობას არ ვაპირებ, სულ რომ ეს ციხედ დამიჯდეს. არანაირ აღიარებით ჩვენებას ჩემგან ვერ მიიღებენ",-ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა. უზენაესი სასამართლო უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას 10 თებერვალს გამოაცხადებს. 

"თუ ქვეყნის განვითარებისა და ბრძოლის საფასური არის ციხე, ბუნებრივია, მე ამისთვის მზად ვარ. ამისთვის არაერთხელ ვიყავი მზად. პოლიტიკაში, მგონი ანტირეკორდი ჯაბა იოსელიანის შემდეგ მე მოვხსენი, უკვე რეციდივისტად გამოვდგები, მეოთხედ შეიძლება, რომ წავიდე ციხეში, მაგრამ არც ეგ არის პრობლემა. ივანიშვილის პირობებში არავინ არ არის დაცული",-თქვა უგულავამ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

გიგი უგულავას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნით მათ "მოახრჩობს" თუმცა, "აღარც მათი შხამი ჭრის, აღარც მათი კბილი." 

გიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასიალას თქმით, მათ აქვთ ეჭვი, რომ უზენაეს სასამართლოში დანიშნულმა შალვა თადუმაძემ მიიღო პოლიტიკური დავალება და ის უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებას მიიღებს.  

საქმე ე.წ თბილისის განვითარების ფონდის საქმეს ეხება. ბასილაიას თქმით, ეს არის საქმე, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში ისე დასრულდა, რომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა. 

ადვოკატის თქმით, ამას ის ტენდენცია აფიქრებინეთ, რაც ბოლო პერიოდში გიგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარეობს, მათ შორის 11 დეკემბერს აეროპორტში მასზე თავდასხმა და შემდეგ ისევ მისთვის ბრალის წარდგენა, ასევე პროკურატურის ოქროს მოწმის, გიორგი კაპანაძის დაკითხვის განახლება. 

გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა.

2018 წლის 28 თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და გიგი უგულავას დღევანდელი სასჯელი მოხდილად ეთვლება.

კომენტარები