ევროკავშირის ანგარიში

ევროკავშირი: საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება არსებითია

ტაბულა

"საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების ერთგული რჩება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვეების განმავლობაში საქართველომ გაანეიტრალოს მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია და გამოხატოს მიმდინარე რეფორმების გატარების მზაობა, განსაკუთრებით საარჩევნო და სასამართლო რეფორმების სფეროებში" - ამის შესახებ ევროკავშირი "საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ" მე-4 ანგარიშში წერს. 

ანგარიშში წერია, რომ ევროკავშირი ქვეყანაში არსებული "მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის" გათვალისწინებით, მომდევნო თვეების განმავლობაში ყურადღებით დააკვირდება პოლიტიკურ მოვლენებს. 

"ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი პირობების დაცვითა და პლურალისტურ მედია გარემოში ჩატარდება,"- აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი. 

მიუხევადად არსებული პროგრესისა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების გათვალისწინების კუთხით, ევროკავშირი ხაზს უსვამს იმ მთავარ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყანაში არსებობს - საარჩევნო რეფორმის, პოლიტიკური დიალოგისა და სასამართლო რეფორმის სფეროებში. 

"არსებითია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, პროცესი გამჭვირვალედ განხორციელდეს და კანდიდატთა წარდგენა ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარიმართოს.

2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების და რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელება,"- წერია ანგარიშში. 

ანგარიშში დეტალურადაა მიმოხილული ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატების მიერ პარტიის დატოვება და მმართველი გუნდის საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვა. 

ევროკავშირი ასევე 20 ივნისის ღამით ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების ძალადობრივად დაშლაზეც წერს. 

"დემონსტრაციები პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბია, რამაც მძიმე დაზიანებები გამოიწვია და შემდეგი თვეების განმავლობაში მომდევნო დემონსტრაციები განაპირობა,"- წერია ანგარიშში. 

ევროკავშირის მიერ მომზადებულ ანგარიშში ასევე საუბარია გავრილოვის ღამის შემდეგ ქართული ოცნების მხრიდან დადებულ პირობაზეც, რომელიც არ შესრულდა. 

"14 ნოემბერს პარლამენტის კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნამ შემდგომი პოლიტიკური არასტაბილურობა და ქუჩაში გამართული პროტესტები გამოიწვია. საარჩევნო რეფორმის პროცესი შეჩერებულია. ჩიხიდან გამოსასვლელი გზის მოსაძიებლად და არჩევნების წინ შემდგომი ნაბიჯების შესათანხმებლად პოლიტიკური დიალოგის შეხვედრები გაიმართა,"- წერს ევროკავშირი. 

ანგარიშში საუბარია იმ ფაქტზეც, რომ TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის და TV პირველის დამფუძნებლის, ავთანდილ წერეთლის, მიმართ პროკურატურამ საქმე 11 წლის წინანდელ საქმეზე დაიწყო. 

ანგარიში რუსთავი 2-ის საქმესაც ეხება, სადაც წერია, რომ "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე ივლისში გამოქვეყნებული გადაწყვეტილების გამო მედიაგარემო პოლარიზებული დარჩა და არსებითი ცვლილებები განიცადა". 

ევროკავშირი დეტალურად განიხილავს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნული მოსამართლეების შერჩევის პროცესზე და წერს, რომ ამ პროცესმა გამჭვირვალობა ვერ უზრუნველყო:

"მთლიანმა პროცესმა სათანადო გამჭვირვალობა და დამსახურების საფუძველზე არჩევა ვერ უზრუნველყო". 

რაც შეეხება ეკონომიკას, ევროკავშირის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს მაკროეკონომიკური პერსპექტვა სტაბილური რჩებოდა "დაღმავალი რისკების შემცველობით". 

"2019 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ეკონომიკის ზრდის 14 ტემპი შარშანდელთან შედარებით 5%-ს აღემატებოდა, მაგრამ იგი კვლავ მოწყვლადი რჩება გარეგანი მოვლენებით განპირობებული ზეგამვლენი ეფექტების მიმართ, როგორიც არის გლობალურ ვაჭრობაში მზარდი დაძაბულობა, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების (მაფალითად, თურქეთის) ეკონომიკური მაჩვენებლები და ფინანსური ბაზრის არასტაბილურობა". 

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ ინფლაცია თანდათანობით გაიზარდა 7%-მდე 2019 წლის ნოემბერში, 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე მეტად. 

"2019 წლის პირველ ნახევარში ქართულმა ლარმა გაუფასურება განიცადა და წლის მეორე ნახევარში კვლავ არასტაბილური დარჩა

გაცვლითი კურსის ეს არამდგრადობა მაღალი დოლარიზაციის მქონე ეკონომიკის პირობებში და ასევე საგარეო ვალი საქართველოს ფინანსურ სექტორს გაცვლითი კურსის რისკის მიმართ დაუცველს ხდის". 

რაც შეეხება დასაქმებას, უმუშევრობა კვლავ მაღალია, წერს ევროკავშირი. 

"თვითდასაქმებული ადამიანების 40%-ზე მეტი ნატურალურ მეურნეობას ეწევა და უმუშევრობა (რეგიონულ დიდ უთანასწორობასა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარების არქონის პირობებში) მთავარ გამოწვევად რჩება. უმუშევრობა კვლავ უფრო მაღალია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში". 

კომენტარები