ბავშვების შიმშილობა

მაღრაძე ბავშვების შიმშილობაზე: ასე ქუჩა-ქუჩა არ გამიგია მე სერიოზულ საკითხებზე მსჯელობა

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატმა გუგული მაღრაძემ არ უპასუხა კითხვას, რომელიც ბავშვების შიმშილობაზე Unicef-ის კვლევას და ამასთან დაკავშირებით რევაზ არველაძის განცხადებას ეხებოდა. 

"ასე გზადაგზა და ქუჩა-ქუჩა არ გამიგია მე სერიოზულ საკითხებზე მსჯელობა" - უთხრა მაღრაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, ეთანხმება თუ არა არველაძის ნათქვამს, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ.

"უნდა მოამზადოთ გადაცემა, უნდა მოხვიდეთ მომზადებულები, თქვენმც უნდა მოემზადოთ ჟურნალისტები და გავაკეთოთ სერიოზული გადაცემა, ერიოზულად უნდა მივეჩვიოთ საკითხების განხილვას" - მიმართა მაღრაძემ მედიას.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ბავშვების 6.8% ცხოვრობს (უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია $1.25 დღეში). 

UNICEF-ის კვლევით, 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების მონაცემები 4.3%-ით გაიზარდა. 

ამასთან, კვლევის მიხედვით, 2015 წლიდან 2017 წლამდე საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი).

კვლევის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მე-5 ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ არის.

ამავე კვლევის მიხედვით, ბავშვების 22.1% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 2015-დან 2017 წლამდე საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 6.5%-ით გაიზარდა.

კომენტარები