ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, ნებისმიერ პრობლემასთან საბრძოლველად, "პირველ რიგში, სინამდვილეს უნდა გავუსწოროთ თვალი და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნები". მან ბავშვების შიმშილზე დასმულ კითხვაზე აღნიშნა, რომ მხოლოდ ასე შეიძლება გამოწვევების გადაჭრა.
"ქართული ოცნება არის ზუსტად ის გუნდი, ვინც ყოველ ჯერზე რეალობას უსწორებს თვალს და იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით, ეს აქტუალურია მაშინ, როდესაც ჩვენ ვიღებთ სახელმწიფო ბიუჯეტს და ვამტკიცებთ პარლამენტში. 2020 წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია ზუსტად სოციალური ფონის გაუმჯობესებისთვის. რაც მთავარია, ამას ჩვენ თანმიმდევრულად ვუდგებით. ამიტომ, სიღარიბესთან ბრძოლა არის ერთერთი ის გამოწვევა, რომლის გადაჭრაც მხოლოდ მსგავსი გადაწყვეტილებების მღებას არის შესაძლებელი" - ამბობს იონათამიშვილი.
კითხვაზე, რევაზ არველაძის მსგავსად, თავადაც თუ ფიქრობს, რომ ბავშვები არ შიმშილობენ ქვეყანაში, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი პასუხობს:
"მე ვფიქრობ, რომ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, განსაკურებით, ეს გამოწვევები გვაქვს მათ შორის მაშინ, როცა ვეხებით ბავშვებს და ბავშვთა უფლებებს. მე ვფიქრობ, ბავშვთა უფლებების გასაუმჯობესებლად გვაქვს რადიკალური ნაბიჯები გადასადგმელი, ფაქტია, ბავშვთა კოდექსი, რომელიც მივიღეთ, არის მნიშვნელოვანი იმით, რომ გააჩნია კონკრეტული განხორციელების გზებნი და აღსრულების მექანიზმები, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ისეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომელიც არის კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, კონკრეტულ შედეგებზე გათვლილი და არამხოლოდ დეკლარირებული" - თქვა იონათამიშვილმა.
ქართული ოცნების დეპუტატს რევაზ არველაძეს არ სჯერა, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილობენ.
"თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა ძველიდან მოყოლებული,"- თქვა რევაზ არველაძემ.
გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ბავშვების 6.8% ცხოვრობს (უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია $1.25 დღეში).
UNICEF-ის კვლევით, 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების მონაცემები 4.3%-ით გაიზარდა.
ამასთან, კვლევის მიხედვით, 2015 წლიდან 2017 წლამდე საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი).
კვლევის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მე-5 ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ არის.
ამავე კვლევის მიხედვით, ბავშვების 22.1% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 2015-დან 2017 წლამდე საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 6.5%-ით გაიზარდა.