ამერიკელი სენატორების წერილი პრემიერს

კალაძე წერილებზე : ნამდვილად სასაცილოა, თითქოს ჩვენ რუსეთისკენ მივისწრაფვით

instagram.com/kakhakaladze/

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები წერილებში მმართველ პარტიას რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმის გამო აკრიტიკებენ, თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ განცხადებები რეალობას არ შეესაბამება და ის, რომ ხელისუფლება რუსეთისკენ მიისწრაფვის, "ნამდვილად სასაცილოა".

"ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც 2012 წლის მერე გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან, ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები დარბოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს რეფორმები და გადაწყვეტილებები არ ყოფილიყო მიღებული, დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ქართული პასპორტით ყოველგვარი პრობლემების გარეშე აქვთ შესაძლებლობა იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში",- ამბობს კალაძე. 

კალაძის თქმით, მმართველი პარტია რეფორმებსა და პროექტების განხორციელებას გააგრძელებს, რათა საქართველოს ევროინტეგრაცია სწრაფად მოხდეს.

"აუცილებელია კომუნიკაცია, დაგეგმილი არის შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერმინისტრის, ჩვენ მივაწვდით რეალურ ინფორმაციას. ამ ადამიანებს გააჩნიათ ცალმხრივი ინფორმაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ქვეყანაში",-ამბობს თბილისის მერი. 

2019 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე საქართველოს მთავრობას კრიტიკული წერილი აშშ-ის კონგრესის და სენატის არაერთმა წევრმა გამოუგზავნა. ბოლო ასეთი წერილი 29 იანვრით თარიღდება და მას ხელს შშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი სენატორი ჯინ შაჰინი არიან.

ოთხი ამერიკელი კონგრესმენის, კინზინგერის, კონორის, ენგელისა და მაკკაულის წერილში აღნიშნულია, რომ "შემცირებული უცხოური ინვესიტიციები არა მხოლოდ აზიანებს ქართველ ხალხს და დასავლურ ინსტიტუტებში უფრო ღრმა ინტეგრაციის იმედებს, არამედ აძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში."

სენატორებმა რიშმა და შაჰინმა წერილში აღნიშნეს შიში, რომ "რეფორმების შეფერხება და საქართველოს შიგნით დაძაბულობის ზრდა, რუსეთის უფრო მეტად ჩარევას განაპირობებს ქვეყანასა და რეგიონში".

კონგრესმენმა პიტ ოლსონმა კი კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის პუტინის მარიონეტი უწოდა.

კომენტარები