ამერიკელი სენატორების წერილი პრემიერს

ახალი წერილი მთავრობას სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე რიშისგან და სენატორ შაჰინისგან

ტაბულას ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას ვაშინგტონიდან მორიგი წერილი გამოუგზავნეს. ამჯერად წერილის ავტორები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი სენატორი ჯინ შაჰინი არიან. სენატორი რიში რესპუბლიკური, ხოლო სენატორი შაჰინი დემოკრატიული პარტიის წევრია.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ პირველი წერილი გიორგი გახარიამ კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელების, ადამ კინზინგერისა და ჯერი კონოლისგან, მიიღო. წერილში კონგრესმენები იმედს გამოთქვამდნენ, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ, თავზარდამცემია.

19 იანვარს გახარიას წერილით მიმართა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, და მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერდა, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, კინზინგერისა და კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

მალინის წერილს მალევე, 21 იანვარს კიდევ ერთი წერილი დაემატა, რომელსაც ხელს აწერდნენ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკკაული. წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამდნენ დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში აღნიშნული იყო, რომ ისინი შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით.

25 იანვარს ენმ-მ გახარიას მიმართ მიწერილი კიდევ ერთი წერილი გაასაჯაროვა, რომელიც 19 დეკემბრითაა დათარიღებული. წერილის ავტორი ამჯერად ჰელსინკის კომისიის სენატორი როჯერ ვიკერი იყო.

წერილში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მისაღები საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაში თანაბარ წესებს ყველასთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში - არჩევნების ლეგიტიმაცია შემცირდება.

ტეხასელმა კონგრესმენმა პიტერ ოლსონს მართალია გახარიასთვის წერილი არ მიუწერია, თუმცა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ „ქართველი ხალხი კორუმპირებულმთავრობაზე უკეთესს იმსახურებს“.

28 იანვარს კი კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ოლსონმა ბიძინა ივანიშვილი ამერიკული სატელევიზიო შოუს პერსონაჟს გრაუჩი ოსკარს შეადარა და მას ვლადიმერ პუტინის მარიონეტი უწოდა.

კომენტარები