გიორგი რურუას საქმე

უგულავა: ვითხოვთ გიორგი რურუას წინააღმდეგ პოლიტიკური საქმის შეწყვეტას

გიგი უგულავა
ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოსთან მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას, პროცესის პარალელურად გამართულ მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. 

უგულავას თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოების მოლოდინის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში სასამართლო ბოლომდე ჩაეშვა და ხორცის საკეპ მანქანად გადაიქცა. 

"მარტივი ტესტია საჭირო - შედით, გაიარეთ დერეფანში და ნახავთ, რომ ყველა დარბაზში პოლიტიკური სასამართლოა,"- ამბობს უგულავა. 

პოლიტიკოსის თქმით, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი ადამიანები გიორგი რურუას უკანონო დაკავებას აპროტესტებენ. 

"ბიძინა ივანიშვილი ადგა და პოლიტიკური ოპონენტი იარაღის ჩადებითაც კი არა - ეს უნდა აღინიშნოს - იარაღი მისთვის არ ჩაუდიათ, ოღონდ ამოღების ოქმი დაიწერა ისე, რომ იარაღი საერთოდ არ არსებობდა,"- თქვა გიგი უგულავამ.

მისი შეფასებით, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიყალბის ახალი სიმაღლეა, როდესაც იაღარს აღარც კი უდებენ და პირდაპირ ამოღებას აფორმებენ. 

"იარაღიც აღარ სჭირდებათ. ამიტომაა, რომ საქმეში იარაღი არც იყო, მერე რაღაც მორიგე იარაღი იპოვეს, რომელზეც ადგნენ და პურზე რომ ჯემს წაუსვამ, ისე წაუსვეს რურუას დნმ,"- ამბობს გიგი უგულავა. 

მისივე შეფასებით, ეს საბჭოთა ტრადიცია, რომელზეც ივანიშვილმა პირობა დადო, რომ აღარ იქნებოდა, ახალ სიმაღლეზე აიყვანა. 

"ვითხოვთ, ბუნებრივია, გიორგის რურუას წინააღმდეგ საქმის შეწყვეტას, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია და ზოგადად ვითხოვთ ყველა პოლიტიკური საქმის შეწყვეტას," - ამბობს უგულავა. 

საქალაქო სასამართლოსთან მხარდამჭერი აქცია სამოქალაქო აქტივისტებმა დაგეგმეს და მათ ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ. 

რურუა, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 18 ნოემბერს აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა. 

31 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო, რომლის არგუმენტსაც რურუას მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მოწმეებზე გავლენის მოხდენა ან გამოძიებისთვის ხელის შეშლის რისკი წარმოადგენდა. 

რურუას ადვოკატი კი ამბობდა, რომ დაკავების დროს მას არც მიმალვა უცდია და არც მოწმეებზე ზემოქმედება. 

მთავარი არხის მეწილეობასთან ერთად, გიორგი რურუა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან იყო დაკავშირებული და მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურ დახმარებასაც უწევდა. 

მეგობრები და ოჯახის წევრები მის დაკავებას სწორედ ამ აქციებსა და ტელეკომპანია მთავარის მეწილეობას უკავშირებენ. 

კომენტარები