თეა წულუკიანი

წულუკიანი: წერილების ზოგიერთი ავტორი სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემასაც აპროტესტებდა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ზოგიერთი ამერიკელი კონგრესმენი, რომელიც საქართველოს მთავრობას კრიტიკულ წერილებს უგზავნის, რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასაც აპროტესტებდა, საქართველო კი იმიტომ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რომ მისმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რა არის რეალობა [წერილებში] და რა - არა.

"ამ წერილების ავტორებიდან ზოგიერთი, ყველას ეს არ ეხება, რამდენიმე წლის წინ იმასაც აპროტესტებდა და აგზავნიდა წერილებს, რატომ მიეცა მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიო. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, ყურადღებით გავეცნოთ მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისგან გამოგზავნილ წერილებს, მაგრამ ჩვენ იმიტომ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ზრდასრული ადამიანები, რომ სწორი ანალიზი გავაკეთოთ თითოეული ტექსტისა და გვქონდეს იმის უნარი, შევაფასოთ, რა არის რეალობასთან შესაბამისი და რა არა", - თქვა წულუკიანმა.

მინისტრისთვის გასაკვირია, რომ ზოგიერთი კონგრესმენი საქართველოში ამერიკულ ბიზნესზე ზეწოლის შესახებ კომპანია ფრონტერას მაგალითზე საუბრობს.

"ვხედავთ, რომ ამ წერილებში, განსაკუთრებით ზოგიერთ მათგანში, არის გასაკვირი ნაწილები. მაგალითად ის, რომ ზოგიერთი კონგრესმენი, როცა საერთაშორისო არბიტრაჟში მიმდინარეობს დავა, აკეთებს წინასწარ შეფასებებს, რაც, ჩემი აზრით, დავის მიმდინარეობას ზიანს აყენებს. კარგი იქნება, თუ ყველა, სანამ არ დასრულდება საერთაშორისო არბიტრაჟში დავა, თავს შევიკავებთ წინასწარი განცხადებებისგან.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ მოცემულ კომპანიას ყავს ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე, რომლსაც ხელფასებს ვერ უხდის რამდენიმე თვეა და სარჩო-საბადებლის გარეშე დაურჩა.

ასევე, გასაკვირია, რომ ამ წერილებში ან საერთოდ არ კეთდება ან ძალიან მცირე დოზით კეთდება აქცენტი იმაზე, რაც ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს და მის მთავრობას გვაწუხებს და რომლის წინააღმდეგაც ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა - ეს არის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა", - თქვა წულუკიანმა და მიუთითა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი დამოუკიდებლობის ისტორიაში არასდროს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორიც დღეს არის.

_________________________________________________________

2019 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე საქართველოს მთავრობას კრიტიკული წერილი აშშ-ის კონგრესის და სენატის არაერთმა წევრმა გამოუგზავნა. ბოლო ასეთი წერილი 29 იანვრით თარიღდება და მას ხელს შშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი სენატორი ჯინ შაჰინი არიან. სენატორი რიში რესპუბლიკური, ხოლო სენატორი შაჰინი დემოკრატიული პარტიის წევრია.

წერილში ხაზგასმულია დემოკრატიის და დემოკრატიული მმართველობის დასუსტება, რაც დაპირებული საარჩევნო რეფორმის პარლამენტის მიერ ჩაგდებით და მთავრობის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობით ჩახშობამ განაპირობა.

სენატორებისთვის შემაშფოთებელია ცნობები, რომ ოპოზციის ლიდერებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები ფიზიკურად ესხმიან თავს ან ავიწროებენ. მათთვის ასევე, შემაშფოთებელია ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების თავიდან გახსნა.

წერილში უარყოფითად არის შეფასებული უზენაესი სასამართლოში 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნა მათი კვალიფიკაციის სრულად შეფასებამდე.

ასევე, სენატორები შეშფოთებულები არიან ბიძინა ივანიშვილის მუქარით, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა.

ჯეიმს რიშსა და ჯინ შაჰინამდე გახარიას მთავრობას კრიტიკული წერილი სენატორმა როჯერ ვიკერმაც გამოუვზანა.

ასევე, ხელისუფლებამ მიიღო წერილები კონგრესმენებისგან: ბრაიან ბაბინი, მარკ უეინ მალინი, ადამ კინზინგერი და სხვები.

კომენტარები