ლევან იზორიას ძმის საქმე

იზორია ძმის კადრებზე: სპეციალურად დაამთხვიეს ჩემი საქმიანობის შეწყვეტას, თურმე დამსაჯეს

ლევან იზორიას თქმით, მას გაუმყარდა ეჭვი, რომ პოლიციელ გიორგი დვალიშვილის მიერ მისი ძმის, ვახო (კიტა) იზორიას დაკავების კადრების და ამის გამო დევნის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დადგმული იყო.

იზორია ამბობს, რომ ამ კადრების გავრცელება მისი გერმანიაში ელჩად დანიშვნის გადაწყვეტილებას დაამთხვიეს.

"მქონდა შთაბეჭდილება და გუშინ კიდევ უფრო გამიმყარდა შთაბეჭდილება, რომ გარკვეული სცენა იყო დადგმული, კერძოდ, ადამიანი, რომელიც 5 წელი ინახავდა კადრებს, თურმე მალავდა და შემდეგ აჟღერებს, თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩებათ - ემზადება გარკვეული მოვლენისთვის.

საუბარი ჩარევაზე, ზეწოლაზე, საუბარი თუ გინდ იმაზე, რომ გარკვეულ შემხებლობას ჰქონდა ადგილი ჩემი მხრიდან, არის აბსურდი და ზედმეტი. თურმე ემზადებოდნენ ამ დღისთვის, გაუგეს რა რომ დღეს, და ეს რამდენიმე კვირაა, ცნობილია, შეწყდა ჩემი საქმიანობა დღეს შეწყდა საქართველოს დაზღვევის სამსახურში.

დაემთხვა მათი მიზნები ამ თარიღს - რომ მათ ეთქვათ, რომ გავამწვავეთ, ზეწოლა განვახორციელეთ და თურმე დასაჯეს და დასჯა თუ არის ელჩად გერმანიაში მივლინება, ესეც საინტერესოა" - თქვა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, კიტა იზორიას დაკავების კადრებში მისი დანაშაულის, მით უფრო, ბორკილის დადების საფუძველს ვერ ხედავს.

23 იანვარს ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახტანგ (კიტა) იზორიას, კონკრეტული პირების ჩარევის შემდეგ კი ათავისუფლებს.

ვიდეოში ჩანს, რომ ვახტანგ (კიტა) იზორია დარღვევის უფლების მიმნიჭებელ საშვებს, ე.წ ნარუშილოვკას იყენებს.

ვიდეო 2015 წელს არის გადაღებული, როცა იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ე.წ ნარუშილოვკა საიდუმლო დოკუმენტია. ის უშუალოდ მინისტრის ბრძანებით გაიცემა და მისი გამოყენების უფლება მხოლოდ ოპერატიულ მუშაკებს აქვთ, ისიც მაშინ, როცა ისინი სპეციალური დავალების შესასრულებლად მიდიან.

პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, აცხადებს, რომ ამ ამბის შემდეგ მისი დევნა დაიწყეს. ის დააქვეითეს, შემდეგ კი კადრების განყოფილებას გადასცეს.

ვიდეოს გასაჯაროების შემდეგ კი, დვალიშვილის თქმით, მის ოჯახს - ცოლს და 3 არასრულწლოვან შვილს უთვალთვალებენ. პოლიციელი სუს-ის უფროსისგან ითხოვს, შეწყდეს მისი ოჯახის უკანონო დევნა, თავად კი საქმის ირგვლივ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემაზე თანახმაა.

კომენტარები