აშშ-საქართველო

რუდი: საქართველოს უდგას მნიშვნელოვანი წელი, ბევრი შესაძლებლობაა დემოკრატიის გასამყარებლად

პირველი არხი

"საქართველოს უდგას ძალიან მნიშვნელოვანი წელი" - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

"არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველომ გაამყაროს და გააძლიეროს დემოკრატია, მათ შორის, დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც საარჩევნო სისტემაში ცვლილებებს ეხება. ასევე, საარჩევნო რეფორმების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არჩევნების გამჭვირვალობას, ეს საშუალებას მისცემს იმას, რომ იყოს უფრო მეტად პროპორციული და პლურალისტული წარმომადგენლობა" - თქვა რუდმა (საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი).

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე კრიტიკული წერილი საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას 7-მა კონგრესმენმა, ასევე სენატორმა როჯერ ვიკერმა გამოუგზავნა.

კონგრესმენები მარკ უეინ მალინი, ბრაიან ბაბინი და ადამ კინზინგერი გახარიასთვის გაგზავნილ წერილებში შეშფოთებას გამოხატავენ განგრძობად უარყოფით ტენდენციებზე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში, რაც ამერიკულ და ევროპულ ბიზნესკომპანიებზე თავდასხმებში გამოიხატა და ამის მაგალითად კომპანია ფრონტერას ასახელებენ.

როგორც მალინის და ბაბინის, ასევე სხვა კონგრესმენების და სენატორ როჯერ ვიკერის წერილებში გამოთქმულია წუხული და შეშფოთება იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. ამერიკელი პარტნიორები ასევე უთითებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის დროს ხარვეზებზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის ხელის შეშლასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნასა და მედიის შევიწროებაზე.

კომენტარები