ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

kvira.ge

ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამაისეიშვილმა 27 იანვარს გამოაცხადა. მოსამართლე მამაისეიშვილისვე გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ ვანაძე უდანაშაულოდ იცნო, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსს, ეგარსლან ლომაძეს, კი გულგრილობისთვის ჯარიმა და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

საქმეში ბრალდებულ დანარჩენ 4 პირს გულგრილობისთვის სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა. ბათუმელების ინფორმაციით, მოსამართლე მამაისეიშვილმა ვერ მოასწრო ჯარიმის ოდენობის გამოცხადება, რადგან ერმაკოვის ოჯახის წევრებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს. 

2019 წლის 30 მაისს დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი, მათ შორის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი დააკავეს.

საქმის 4 ფიგურანტი სასამართლო დარბაზიდან იმავე წლის 24 სექტემბერს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ერმაკოვი, ვანაძე და ლომაძე კი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს. 

საქმე "იაფი სახლის" პროექტს ეხებოდა. ერმაკოვს პროკურატურა 1 370 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა. 

კომენტარები