თეა წულუკიანი

წულუკიანი ომბუდსმენის მერაბიშვილთან ვიზიტზე: მაინც მადლიერი ვარ, შენიშვნის მერე მივიდა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველმა ციხეში სხვა პატიმრების ნაცვლად ოპოზიციონერი პატიმრები მოინახულა, ის მაინც "მადლიერია".

ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში თქვა. 

"როდესაც სახალხო დამცველი ჩემი შენიშვნის შემდეგ გამოცხადდა არა უვადო პატიმრებთან, არა ბავშვებთან, არა ქალებთან და მივიდა იქ სადაც მივიდა, მე მაინც ვარ მადლიერი და იმედს ვიტოვებ რომ ეს არ იქნება ბოლო ვიზიტი"- ამბობს წულუკიანი. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველს 21 იანვარს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდა, სადაც სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშს განიხილავდნენ ციხეებში მდგომარეობის შესახებ. მინისტრმა სახალხო დამცველი გააკრიტიკა და უთხრა რომ მისი წარმომადგენლები პატიმრებთან დახეული ჯინსებით დადიან, რაც შეუფერებელია და ასევე უსაყვედურა, რომ ის ბიძინა ივანიშვილისა და დეპუტატების სახალხო დამცველი არ არის. 

23 იანვარს, სპეციალურმა პენიტენციურმა დაწესებულებამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერდნენ, რომ სახალხო დამცველი და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ე.წ მატროსოვის ციხეში ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს შეხვდა.

24 იანვარს, ლომჯარიამ თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ბრიფინგით გამოეხმაურა და იუსტიციის მინისტრის მიერ ომბუდსმენისთვის ხელშეშლის ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. ამის შემდეგ პენიტეციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ კანონდარღვევებზე ლომჯარიას დასახელებული ნორმები ​არარელევანტურია.

კომენტარები