ჯანდაცვის უწყება: კორონავირუსის პრევენციისთვის ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს შევამოწმებთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ახალი კორონავირუსის პრევენციის და მისი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აეროპორტებსა და სხვა სასაზღვრო პუნქტებში თერმული შეფასება იქნება შესაძლებელი - ჩინეთიდან შემოსული მგზავრები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად შემოწმდებიან.

გაბუნიას განმარტებით, ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას.

"პირველ რიგში, მას ექნება საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები, მოხდება თერმული სკრინინგი და ვისაც დაუფიქსირდება 38 გრადუსი და მეტი ტემპერატურა, თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემთხვევაში, თუ ასეთი მგზავრი გამოჩნდება, ექნება საშუალება, გაიაროს საწყისი ტრიაჟი ადგილზე, აეროპორტშივე, ვიდრე მოხდება მისი ან გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში", - ამბობს მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, აეროპორტებში დღესაც მუშაობს ეპიდემიოლოგიური სამსახური, აქცენტი კი მაღალი რისკის რეგიონებიდან ჩამოსულ მგზავრებზე კეთდება და არა გლობალურად, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ მგზავრებზე. მაღალი რისკის რეგიონში კი ჩინეთი და ჩინეთის კონკრეტული პროვინციიდან ჩამოსული ადამიანები იგულისხმება.

"რა შეეხება მგზავრობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, როგორც მოგეხსენებათ, აქამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კონკრეტულ კორონავირუსთან მიმართებაში საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადა. ამიტომ, ჯერჯერობით ვინარჩუნებთ პრევენციული ზომების, ვაგრძელებთ მუშაობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპების შესაბამისად, როგორც კი სხვა მითითება გვექნება, ჩვენ მივყვებით საერთაშორისო რეგულაციებს", - თქვა გაბუნიამ.

გუშინ, 24 იანვარს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საქართველო ე.წ მწვანე, დაბალი რისკის ზონაშია. 

25 იანვრის მონაცემებით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია დაავადების 1287 შემთხვევა, მათ შორის, რამდენიმე ჩინეთის საზღვრებს გარეთ. კერძოდ: ტაილანდში, ტაივანში, აშშ-ში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამში, სინგაპურში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, ნეპალში.

დღეს, 25 იანვარს ვირუსით დაიღუპა 62 წლის ექიმი, რომელიც ვუხანში პაციენტებს მკურნალობდა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 23 იანვარს განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის გამო ჩინეთში საგანგაშო მდგომარეობაა, თუმცა WHO-ს შეფასებით, საერთაშორისო ეპიდემიის საფრთხე ჯერჯერობით არ დგას. WHO-ში ისიც თქვეს, რომ კრონავირუსით დაღუპულთა უმეტესობა ასაკოვანი ადამიანები იყვნენ.

ვირუსი, რომლის სავარაუდოდ გველის ხორცისგან გადაედო ადამაინს, პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სიმდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა. მაშინ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების დაფარვა სცადა და ეპიდემიის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

კომენტარები