თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

"ოცნების" დეპუტატი ხაბეიშვილზე: პირად შეურაცხყოფაზე ვინც გადავა, პასუხი გაეცემა ყველას

თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის ავთანდილ ცინცაძის თქმით, ენმ-ის წევრის, ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის მიზეზი ერთია - "გაცდა ყველანაირ ჩარჩოებს და გადავიდა პირად შეურაცხყოფაზე, გვიწოდა ფარჩაკები, არაკაცები და მიიღო ადეკვატური პასუხი". ის ამბობს, რომ ხაბეიშვილისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

"პირად შეურაცხყოფაზე ვინც გადავა, პირადი პასუხი გაეცემა ყველას" - თქვა ცინცაძემ, რომელიც, ენმ-ის წევრების ინფორმაციით, ერთერთია ქართული ოცნების იმ დეპუტატებს შორის, ვინც ლევან ხაბეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, 24 იანვარს სცემეს. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს. 

ენმ-ის საკრებულოს დეპუტატის, ლილე ლიპარტელიანის, თქმით, შურღაიას მიერ ხაბეიშვილისთვის დარტყმის მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მიერ კავკასიის ეთერში გაკეთებული განცხადებები გახდა, როდესაც ენმ-ის დეპუტატი საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობდა. 

"თარაშ შურღაიას ხელის მოქნევის შემდეგ, მთელი ქართული ოცნება დაგეგმილად დაესია თავს ხაბეიშვილს, მათ შორის ცინცაძე, მათ შორის ჩაკვეტაძე, ზარქუა და ა.შ. დაესიეს, წააქციეს და წაქცევის შემდგომაც გრძელდებოდა მასზე ძალადობა," - ყვება დეპუტატი.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები