თავდასხმა ლევან ხაბეიშვილზე

ლომჯარია ხაბეიშვილის ცემაზე: თუ მკაცრი რეაგირება არ იქნება, მძიმე საარჩევნო წელი გველოდება

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის შეფასებით, ენმ-ის წევრ ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ფაქტი კრიმინალური შემთხვევაა. ნინო ლომჯარიას თქმით, თუ მსგავს ფაქტებს მკაცრი რეაგირება არ ექნება, ქვეყანას ძალიან მძიმე საარჩევნო წელი ელოდება.

"მე ველოდები, რომ გამოძიება დაიწყება და აუცილებლად უნდა დაიწყოს. იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებული პირი არის პოლიტიკური პარტიის წევრი, შესაძლოა, გამოიკვეთოს პოლიტიკური მოტივებიც, ასეთი ტიპის საქმეებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, როდესაც სხვა, დამატებითი მოტივები იკვეთება და არ არის ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა.

ძალიან სამწუხარო ფაქტია, რა თქმა უნდა, საარჩევნო წელი დაიწყო და თუ ასეთ ფაქტებს არ ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება, ჩვენ სამწუხაროდ, ძალიან მძიმე საარჩევნო წელი გველოდება. ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ძალადობის ესკალაციას არ ჰქონდეს ადგილი" - თქვა ომბუდსმენმა.

თბილისის საკრებულოში სამი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, დღეს, 24 იანვარს სცემეს. 

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქართული ოცნების დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში - ხაბეიშვილი ამ დროს ლაპარაკობდა. თავში ჩარტყმის შემდეგ კი, ხაბეიშვილი წამოდგა და მას ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს. 

ენმ-ის საკრებულოს დეპუტატის, ლილე ლიპარტელიანის, თქმით, შურღაიას მიერ ხაბეიშვილისთვის დარტყმის მიზეზი ლევან ხაბეიშვილის მიერ კავკასიის ეთერში გაკეთებული განცხადებები გახდა, როდესაც ენმ-ის დეპუტატი საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

კომენტარები