ლევან იზორია

ნადირაშვილი იზორიას ძმის კადრებზე: მოვითხოვთ, ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება

ტაბულა

ევროპული საქართველო "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებენ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას, ჩარევის შემდეგ კი ათავისუფლებენ. ლევან იზორია ვიდეოს გადაღების პერიოდში, 2014 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ევროპული საქართველო საქმის გამოძიებას და იმ პირების დასჯას ითხოვს, რომლებიც დანაშაულის დაფარვაში იყვნენ ჩართული. 

"ჩვენ სახეზე გვაქვს, სულ ცოტა, უფლებამოსილების გადაჭარბებება. ვითხოვთ, რომ აუცილებლად დაიწყოს გამოძიება და პასუხი გაგვცენ კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ პოლიციელები, რომლებიც ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას და დააკავეს ადამიანი, რომელიც მათი აზრით და კადრებიდანაც ჩანს, რომ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, აიძულეს, რომ დანაშაული ჩაედინათ და სამართალამცველებს სამართალდამრღვევი გაეთავისუფლებინათ. ამაზრზენი იყო, როდესაც ვხედავდით პატრულის მაღალჩინოსნები როგორ უხდიდნენ ბოდიშს იზორიას ძმას და იზორიას პირად მძღოლს. ეს იყო დამამცირებელი კადრები თითოეული მოქალაქისთვის და პოლიციისთვის. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება ამ საკითხზე და ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართული იყო ამ დანაშაულის დაფარვაში, იყოს გამოვლენილი და სათანადოდ დასჯილი",-თქვა ირმა ნადირაშვილმა. 

ნადირაშვილის თქმით, გავრცელებული კადრები ხსნის, თუ "რატომ ვერ ასრულებს მთავარ მოვალეობას, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას და ადამიანების უფლებების დაცვას, დემორალიზებული პოლიცია".

"კადრები, რომელიც ვნახეთ, ადასტურებს, როგორ აქვს მიტაცებული ივანიშვილს და მის ჩინოვნიკებს სახელმწიფო. ეს კადრები ადასტურებს, რომ თუ ემსახურები ივანიშვილს კარგად, მაშინ შეგიძლია შენი ოჯახის წევრები და ნათესავები თავზე დაასვა მთელ პოლიციას, ქვეყანას და მოქალაქეებს",-თქვა ირმა ნადირაშვილმა  

ცნობისთვის, გუშინ, 23 იანვარს, მთავარმა არხმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიციელი გიორგი დვალიშვილი ადმინსტრაციული წესით თაცდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიას. ჩარევის შემდეგ იზორიას ათავისუფლებენ. კადრები 2014 წელსაა გადაღებული, ლევან იზორია ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.  

მთავარ არხთან ინტერვიუშივე პოლიციელი გიორგი დვალიშვილი, რომელმაც ვახო (კიტა) იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ყვება, რომ ამ ამბის შემდეგ მისი დევნა დაიწყეს. 

როგორც მთავარი არხი განმარტავს, ამ ამბის შემდეგ გიორგი დვალიშვილი დააქვეითეს, შემდეგ სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს და მოგვიანებით, რეორგანიზაციის საფუძველზე, კადრების განყოფილებას გადასცეს.

კომენტარები