რუსეთი

რუსეთის ოპოზიცია პუტინის მიერ დაანონსებული ცვლილებების წინააღმდეგ მსვლელობას გეგმავს

ალექსეი ნავალნი და ილია იაშინი

რუსეთის ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

სახალხო თავისუფლების პარტიის ლიდერმა ილია იაშინმა გამოაცხადა, რომ სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად 29 თებერვალს მოსკოვში პუტინის ინიციატივის წინააღმდეგ მარშს გეგმავენ.

"საზოგადოებას დიდი და მართლაც მასიური პროტესტი სჭირდება. ეს იქნება პოლიტიკური მარში, რომლის მთავარი მიზანიც იქნება ძალაუფლების როტაციისაკენ მოწოდება და ძალაუფლების უზურპაციის გაპროტესტება." თქვა იაშინმა. მისი თქმით პუტინს საკონსტიტუციო ცვლილებები იმისათვის სურს, რომ სამუდამოდ ქვეყნის სათავეში დარჩეს.

იაშინი ამბობს, რომ მარშის ჩასატარებლად ნებართვას მოსკოვის მმართველობას სთხოვენ. მარშს შეუერთდებიან ალექსეი ნავალნი და მისი მოკავშირეებიც. ნავალნიმ იაშინის გზავნილი სოციალურ მედიაში გააზიარა.

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს რუსეთის მთავრობა პრემიერ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით მას შემდეგ გადადგა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე უნდა ჩატარდეს.

პუტინს სურს, რუსეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად იქცეს, სადაც ძირითადი ძალაუფლება პრემიერმინისტრს ექნება და ამგვარად მეოთხე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ შეინარჩუნოს მმართველობა.

პუტინს ვადა 2024 წელს ეწურება. მას არ დაუკონკრეტებია, რას აპირებს ამის შემდეგ, თუმცა რუსეთის კონსტიტუცია ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრის უფლებას არ მისცემს, შესაბამისად სავარაუდო იყო, რომ მას საკონსტიტუცო ცვლილება მოეთხოვა.

პუტინმა ასევე დააანონსა ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება, საბჭოს საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნა ეძლევა. 

ასევე, იცვლება ძალოვანი მინისტრების არჩევისა და დანიშვნის წესი. ახალი პროცედურის მიხედვით, ძალოვანი პროფილის მინისტრები ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად დაინიშნებიან.

მედვედევს პუტინმა უშიშროების საბჭოს მოადგილის თანამდებობა შესთავაზა, პრემიერმინისტრის პოსტზე კი მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა წამოაყენა, რომელსაც რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა.

53 წლის მიშუსტინი ფედერალურ საგადასახადო სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე ის კომპანია UFG group-ის პრეზიდენტი იყო - ეს ერთერთი მსხვილი კომპანიაა რუსეთში  აქტივების მართვისა და პირდაპირი ინვესტიციების სფეროში. საგადასახადო სამსახურში მუშაობა მიშუსტინმა 1998 წლიდან დაიწყო. მოგვიანებით კადასტრის ფედერალურ სააგენტოს ხელმძღვანელობდა, ასევე ხელმძღვანელობდა ეკონომიკური ზონების მართვის ფედერალურ სააგენტოს. მიშუსტინი რუსეთის ჰოკეის ფედერაციის, ასევე ჰოკეის კლუბ ЦСКА-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

მიშუსტინის და სამთავრობო ცვლილებების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები მოსკოვში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ ათობით ადამიანმა 18 იანვარს გააპროტესტა. 19 იანვარს მოსკოვში 1,000-მდე ადამიანმა მსვლელობა მოაწყო, თუმცა მის მთავარ მიზანს ცვლილებების გაპროტესტება არ წარმოადგენდა და აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას სხვადასხვა საკითხზე გამოხატავდნენ.

კომენტარები