ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება

გახარია შოთაძეზე: არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება და ღირსეული პროფესიონალი

მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, გენპროკურორის პოსტზე წარდგენილი ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის შესახებ ამბობს, რომ ის არის "ღირსეული ადამიანი, პიროვნება და პროფესიონალი".

"იქ საკმაოდ ბევრი ღირსეული კანდიდატია, მე მხოლოდ ირაკლი შოთაძეს ვიცნობ. შემიძლია გითხრათ, რომ ის არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, ღირსეული პროფესიონალი. მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმაც და პასუხისმგებლობის აღებაც",-თქვა გახარიამ. 

ცნობისთვის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გუშინ, 16 იანვარს, წარუდგინა. 

ამ დროისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარდგენილი. მთავარი პროკურატურის ცნობით, კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით. 

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.  

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა. 

კომენტარები