c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა

სერგეენკო ვადაგასულ წამლებზე: საქართველო ამ მედიკამენტებს უფასოდ იღებს

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ამჟამად პრემიერმინისტრის მრჩეველი დავით სერგეენკო გამოეხმაურა 560 645 038 მილიონი ლარის ღირებულების C ჰეპატიტის ვადაგასული წამლების საკითხს.

სერგეენკოს თქმით, საქართველომ ვადაგასული პრეპარატები უფასოდ მიიღო და 2018 წლისთვის მათი ღირებულება იმაზე გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე აუდიტის სამსახურმა შეაფასა.

"შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს „ვიკიპედიაში“, ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულებისაა. 2018 წელს ეს მედიკამენტი უკვე რვაჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისათვის - თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული იმ 65 ათასი პაციენტის მკურნალობაზე," - აცხადებს სერგეენკო.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, C ჰეპატიტის პროგრამა "გამორჩეულია" და "არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არ უნდა იკადრო არაფრის ფასად."

2018 წლის 31 დეკემბერის მონაცემებით, საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემულ 560 645 038 ლარი C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, ამის ძირითად მიზეზად კი პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების შემცირებული მიმართვიანობა სახელდება.  

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მარაგში ყოველთვის უნდა ჰქონდეთ მედიკამენტები და უმჯობესია ის მორჩეს, ვიდრე დააკლდეთ.

საქართველო C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობით მსოფლიოში ერთერთი პირველია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებით, ეს ვირუსი მოსახლეობის 7.7%-ს აქვს. სწორედ ეს საგანგაშო ვითარება გახდა მიზეზი, რის გამოც ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა გამოთქვა თანხმობა, რომ საქართველოსთვის სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა C ჰეპატიტის ახალი თაობის მედიკამენტები.

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია Gilead-ის მხარდაჭერით.

კომენტარები