რუსეთი

რუსეთის მმართველმა პარტიამ პრემიერის პოსტზე პუტინის წამოყენებულ კანდიდატს მხარი დაუჭირა

მიხაილ მიშუსტინი
Reuters

რუსეთის მმართველმა პარტიამ "ერთიანი რუსეთი" ვლადიმირ პუტინის მიერ პრემიერმინისტრის პოსტზე წამოყენებულ კანდიდატს მიხაილ მიშუსტინს მხარი ერთხმად დაუჭირა.

რუსეთის დუმას ქვედა პალატა მიშუსტინის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის, მას შემდეგ, რაც ის პარლამენტს მიმართავს. "ერთიან რუსეთს" პარლამენტში უმრავლესობა აქვს და მოსალოდნელია, რომ მის კანდიდატურას პარლამენტი დაამტკიცებს.

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, 53 წლის მიშუსტინი ფედერალურ საგადასახადო სამსახურს 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე ის კომპანია UFG group-ის პრეზიდენტი იყო - ეს ერთერთი მსხვილი კომპანიაა რუსეთში  აქტივების მართვისა და პირდაპირი ინვესტიციების სფეროში.

საგადასახადო სამსახურში მუშაობა მიშუსტინმა 1998 წლიდან დაიწყო. მოგვიანებით კადასტრის ფედერალურ სააგენტოს ხელმძღვანელობდა, ასევე ხელმძღვანელობდა ეკონომიკური ზონების მართვის ფედერალურ სააგენტოს.

მიშუსტინი რუსეთის ჰოკეის ფედერაციის, ასევე ჰოკეის კლუბ ЦСКА-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს რუსეთის მთავრობა პრემიერ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით მას შემდეგ გადადგა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე უნდა ჩატარდეს.

პუტინს სურს, რუსეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად იქცეს, სადაც ძირითადი ძალაუფლება პრემიერმინისტრს ექნება და ამგვარად მეოთხე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ შეინარჩუნოს მმართველობა.

პუტინს ვადა 2024 წელს ეწურება. მას არ დაუკონკრეტებია, რას აპირებს ამის შემდეგ, თუმცა რუსეთის კონსტიტუცია ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრის უფლებას არ მისცემს, შესაბამისად სავარაუდო იყო, რომ მას საკონსტიტუცო ცვლილება მოეთხოვა.

"რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური სისტემის სერიოზული ცვლილებებია. ეს გაზრდის პარლამენტის, საპარლამენტო პარტიების როლს და პრემიერმინისტრის დამოუკიდებლობას და პასუხისმგებლობას," - თქვა პუტინმა ინიციატივის წამოყენების შემდეგ.

პუტინმა ასევე დააანონსა ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება, საბჭოს საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნა ეძლევა. 

ასევე, იცვლება ძალოვანი მინისტრების არჩევისა და დანიშვნის წესი. ახალი პროცედურის მიხედვით, ძალოვანი პროფილის მინისტრები ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად დაინიშნებიან.

მედვედევს პუტინმა უშიშროების საბჭოს მოადგილის თანამდებობა შესთავაზა.

კომენტარები