თბილისის მერია

კალაძე: მოსახლეობას წინასწარ ვუხდი ბოდიშს, წელს ბევრ პროექტს დავიწყებთ და იქნება დისკომფორტი

"2020 წელი ჩვენი ქალაქისათვის იქნება განსაკუთრებული," - თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, მიმდინარე წლის პირველი მთავრობის სხდომა გამართა. 

კალაძე ამბობს, რომ წელს დედაქალაის მერიის ბიუჯეტიც განსხვავებულია და დიდი ბიუჯეტი მერიას აძლევს საშუალებას, უფრო მეტი საინტერესო პროექტი განახორციელოს ქალაქისთვის. 

"ბიუჯეტიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ციფრი. მე მახსოვს რამდენი იყო ბიუჯეტი, როდესაც, ჩვენ აგვირჩიეს და შევუდექით უფლებამოსილებას. 2017 წელს 800 მილიონი იყო, მანამდე წლებში კიდევ უფრო ნაკლები იყო, 2018 წელს უკვე მოვახერხეთ, რომ 900 მილიონამდე აგვეწია, სხვათაშორის, ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ბიუჯეტს მილიარდ ლარს გადავაჭარბებდით. 2019 წელს უკვე მილიარდ ლარს გადააჭარბა და წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული. დაახლოებით, მილიარდ 245 მილიონი. ამას დაემატება დაახლოებით 270 მილიონი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან წამოსაღები თანხები, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად იყოს მოწესრიგებული," - ამბობს კალაძე. 

კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოსახლეობას წინასწარ მოუხადა ბოდიში, რადგან მისი თქმით, წელს ქალაქში ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაიწყება და მოქალაქეებისთვის დისკომფორტი იქნება. 

"იქნება გარკვეული დისკომფორტი, თუმცა სხვანაირად შეუძლებელია სამუშაოების წარმოება. მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას ყველა იმ პროექტზე, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, მხედველობაში მაქვს მსხვილი და მასშტაბური პროექტები, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი ქალაქი ძალიან მალე იქნება განსხვავებული და ძალიან მალე იქნება ყველაზე ლამაზი, მოწესრიგებული და სუფთა, კომფორტული მწვანე, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ ერთიანი ძალისხმევით," - თქვა კალაძემ.

კალაძის თქმით, ორი ძირითადი მიმართულება იქნება რაზეც ეს ბიუჯეტი დაიხარჯება, ეს არის, ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება.

კომენტარები