აქცია ირანში

ტრამპი: შესანიშნავი ირანელი მომიტინგეები აშშ-ის დროშაზე დაბიჯებაზე უარს ამბობენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორი დღის წინ ირანში გადაღებულ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც ირანელი სტუდენტები და მომიტინგეები აშშ-ისა და ისრაელის დროშებზე დაბიჯებაზე უარს ამბობენ:

"ვაუ! შესანიშნავმა ირანელმა მომიტინგეებმა ჩვენ დიდებულ ამერიკულ დროშაზე დაბიჯებაზე ან რაიმე ფორმით გადათელვაზე უარი თქვეს. დროშა ქუჩაში იმისთვის დადეს, რომ მათ გადაევლოთ, ამის ნაცვლად კი შემოუარეს. დიდი პროგრესია!"

ვიდეოები თეირანში, შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტშია გადაღებული, სადაც ჩანს, რომ ქუჩაში მყოფ ირანელთა უმეტესობა უარს ამბობს დააბიჯონ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის დროშებს.

ირანულ მედიაში ვრცელდება ვიდეო სადაც ჩანს, რომ ირანელები ასევე უარს ისარგებლონ კიბით, რომელზეც აშშ-ის დროშა არის დახატული.

11 იანვრიდან ირანში აქციები იმართება, სადაც ირანის მიერ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებასთან ერთად ხამენეის რეჟიმსაც აპროტესტებენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში აქციიდან ისმის შეძახილები "სიკვდილი დიქტატორს" და "ხამენეი, გრცხვენოდეს, დატოვე ქვეყანა".

11 იანვარს აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალეს, ათობით ადამიანი დააკავეს მათ შორის დიდი ბრიტანეთის ელჩი ირანში რობ მაქეირი. მას თავისუფლება ერთი საათის განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული.

გუშინ გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ ირანის ქუჩებში შეკრებილ მომიტინგეებს უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. ჩანს სისხლის კვალი მიწაზე, დაჭრილები და უშიშროების ძალების წარმომადგენლები, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში ირანში ნავთობის ფასის გაზრდის და რაციონების დაწესების გამო გამართულ საპროტესტო აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ირანის მთავრობის თქმით დააკავეს აქციების 100-მდე ლიდერი. აქციები 93 ქალაქში გაიმართა. ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა სრულად გაწყვიტეს. ისპაჰანსა და თეირანში შეჩერდა მეტროს მუშაობაც. ამ დრომდე ირანის მთავრობა მხოლოდ 12 ადამიანის დაღუპვას აღიარებს, თუმცა Amnesty International-ის მიხედვით ეს რიცხვი ბევრად მაღალია.

ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები 2017 წლის ბოლოს ეკონომიკური სტაგნაციის, ცხოვრების პირობების გაუარესების და რეგიონში ირანის პოლიტიკის გასაპროტესტებლადაც გაიმართა. პროტესტი 80 ქალაქს მოედო. ოფიციალური პირების ინფორმაციით მაშინ პროტესტის განმავლობაში სულ 22 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები