მელორ ვაჩნაძე

მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული, მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ვაჩნაძემ ფეისბუკ ჩართვაში 11 იანვარს გაავრცელა. 

ვაჩნაძე ამბობს, რომ საფრანგეთში ქალაქ მონპელიესთან, მის საცხოვრებელ ადგილთან ახლოს დააკავეს. ვაჩნაძის თქმით, მას ფრანგი სამართალდამცავები მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ამავდროულად, ვაჩნაძე ამბობს, რომ იგი უდანაშაულოა და საქმეში საქართველოს საკონსულოს ჩართვას მოითხოვს. 

"ბრალდება არის მკვლელობის მცდელობა. ქალაქ მონპელიეში ჩემი სახლის მახლობლად ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა სროლა, როგორც იძახიან სავარაუდოდ ქართველები იყვნენ. არ ვყოფილვარ იქ საერთოდ, მე არ ვარ მსროლელი და სასჯელს უკანონოდ ვიხდი. მე თუ დამნაშავე ვარ მზად ვარ მოვიხადო სასჯელი, მაგრამ თუ არ ვარ დამნაშავე უნდა გამათავისუფლონ", — ამბობს ვაჩნაძე.

ვაჩნაძის თქმით საქმე ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველისა და მისი თანმხლები პირის დაჭრიდან სამი თვის შემდეგ დააკავეს. ვაჩნაძე უარყოფს ნებისმიერ შემხებლობას დანაშაულთან. ვაჩნაძე ასევე, ვარაუდობს, რომ მისი დაკავების მიზეზი შესაძლოა საფრანგეთში მისი აქტიურობა გამხდარიყო. 

ვაჩნაძე თქმით, ფრანგი სამართალდამცავები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მას შესაძლოა ქონდეს ინფორმაცია დანაშაულში მონაწილე პირებზე და მისი დაპატიმრებით ცდილობენ ამ ინფორმაციის მიღებას.

ვაჩნაძე ფეისბუკ ჩართვაში დახმარებას თხოვს არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს საკონსულოს საფრანგეთში. 

უცნობია, ვაჩნაძის დაკავების ზუსტი თარიღი. შეგახსენებთ, რომ ვაჩნაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია 2019 წლის იანვარშიც გავრცელდა. მაშინ ვაჩნაძემ მისი დაკავების შესახებ ხმები უარყო და განაცხადა, რომ პასპორტის არ ქონის გამო დააჯარიმეს. 

ვაჩნაძემ საქართველო 2018 წლის ბოლოს დატოვა და ამის მიზეზად ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკური დევნა დაასახელა. სანამ ვაჩნაძე საქართველოს დატოვებდა, 2012 წელს ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგი ქსენოფობიურ სიძულვილის ჯგუფებთან თანამშრომლობდა.

კომენტარები