მალტა

ჟურნალისტის მკვლელობის სკანდალის შემდეგ მალტას ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს

Reuters

მალტის მმართველმა ლეიბორისტულმა პარტიამ ახალი ლიდერი და პრემიერმინისტრი აირჩია, რომელიც ჟურნალისტის მკვლელობის სკანდალის შემდეგ თანამდებობიდან წასულ ჟოზეფ მუსკატს ჩაანაცვლებს.

ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრი რობერტ აბელა იქნება. ის მალტის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ აბელას შვილია, რომელიც პოსტს 2009-2014 წლებში იკავებდა.

მალტელი ჟურნალისტი  დაფნე კარუანა გალიცია კორუფციასთან დაკავშირებულ თემებს იძიებდა, როდესაც საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. მკვლელობა 2017 წლის ოქტომბერში მოხდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მასთან კავშირი ჰქონდა ცნობილ მალტელ ბიზნესმენს, იორგენ ფენეჩს, რომელსაც ახლო კავშირები აქვს ქვეყნის მთავრობასთან და მინისტრებთან. მან მთავრობას მკვლელობის გეგმასთან და კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ იმუნიტეტის მინიჭება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

კორუფციულ სქემებში, რომლებიც პანამის დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში და რომელსაც კარუანა გალიცია იძიებდა, ფენეჩთან ერთად ქვეყნის ყოფილი ტურიზმის მინისტრი და სხვა ყოფილი ოფიციალური პირებიც ფიგურირებენ.

კარუანა გალიცია მუსკატსა და მის მეუღლეს ოფშორულ გარიგებებში სდებდა ბრალს. გალიციას მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალტის პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის სავარაუდო კორუფციული საქმიანობის შესახებ გამოძიებაც კი დაიწყო.

მკვლელობასთან დაკავშირებით 8 ადამიანია დაკავებული. დედაქალაქ ვალეტაში გაიმართა ანტი-სამთავრობო აქციებიც, რომელზეც ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი პრემიერმინისტრის გადადგომას, მკვლელობისა და კორუფციის საქმეების სათანადო გამოძიებას ითხოვდნენ. მუსკატმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გასული წლის დეკემბერში გააკეთა.

კომენტარები