ნაცვლიშვილი: "ოცნების" რეფორმით მივიღეთ უზარმაზარი საერთაშორისო კრიტიკა და კლანი უზენაესში

ლელოს პოლიტსაბჭოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ქართული ოცნების რეფორმის შედეგად ქვეყანამ უზარმაზარი საერთაშორისო კრიტიკა და უზენაეს სასამართლოშიც ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი მიიღო.

ასე ეხმაურება ნაცვლიშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშს, სადაც მითითებულია, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესი მიკერძოებული პოლიტიკისაგან დაცული არ იყო.

"დასკვნაში მწვავედ და კრიტიკულად არის შეფასებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, რომელსაც ჩვენ პირველივე დღიდან, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კანონპროექტი მზადდებოდა პარლამენტში, ვაკრიტიკებდით. ვხედავდით რა, რომ ეს პროცესი იყო სრული ფარსი, ის არ ემსახურებოდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას კეთილსინდისიერი და პროფესიონალი კადრებით, არამედ ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, რომ ქართულმა ოცნებამ მიიტაცოს და ჯიბეში ჩაიდოს საქართველოში სასამართლოს უზენაესი და ბოლო ინსტანცია.

ქართული ოცნების მიერ გატარებული რეფორმის შედეგად ჩვენ ორად ორი რამ მივიღეთ: ჩვენ ვერ მივიღეთ დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო, მაგრამ მივიღეთ უზარმაზარი საერთაშორისო კრიტიკა და უვადოდ გამწესებული ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი ახლა უკვე უზენაეს სასამართლოში", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებით, სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც საქართველოსი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არეგულირებენ, ვერ უზრუნველყოფენ მკაფიოდ განსაზღვრულ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ მიუკერძოებელ პროცესს, რომელიც თავისუფალი იქნება მიკერძოებული პოლიტიკის გავლენისგან.

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 14 კანდიდატს მხარი 2019 წლის 12 დეკემბერს დაუჭირა. მათ შორის არის ე.წ. კლანის წევრები: გიორგი მიქაუტაძე, მერაბ გაბინაშვილი, ასევე, ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე.

კომენტარები