გიგა ბოკერიას საქმე

ბასილაია: ამ "გრიფირებულ საქმეზე" ჯერ კიდევ 2013 წელს ივანიშვილი ტელევიზიებთან ჭორაობდა

ტაბულა

ადვოკატ ბექა ბასილაიას შეფასებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, რასაც ბოლო დღეებია, პროკურატურა გიგა ბოკერიას საქმეზე აკეთებს, "პირდაპირი დანაშაულია". ამის შესახებ ბასილაიამ ევროპული საქართველოს დეპუტატის გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა. გიგა ბოკერიამ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.

"საქმეს ადევს გრიფი, საქმე შეეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, პროკურატურა კი გამომდგარია და აკეთებს საჯარო განცხადებებს. ამ დროს, გამოძიება საუბრობს, რომ საქმეში გაუჩნდათ რაღაც ახალი გარემოება, ეს უკვე საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციაა.

როდესაც ამაზე ისინი საუბრობენ, ჩვენ არ გვიკვირს, იმიტომ, რომ ამ "გრიფირებულ საქმეზე" ჯერ კიდევ 2013 წელს ივანიშვილი ტელევიზიებთან ჭორაობდა, ყველას კარგად ახსოვს, შესაბამისად, ცინიკურია, როცა გამოძიება ჩვენ გვაფრთხილებს, არ გავახმაუროთ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია" - აღნიშნავს ბასილაია.

ადვოკატის თქმით, რაც შეეხება საქმის გარემოებებს, უშიშროების საბჭოს საქმიანობა პროკურატურამ ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში შეისწავლა.

"მკაფიოდ ჩანდა, რომ უშიშროების საბჭოს ქმედებებში არათუ რაიმე დანაშაულებრივი, არაკანონიერიც კი არაფერი იკვეთებოდა. ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოძახილია დღევანდელი პროცესი, როცა ხელახლა დააანონსა დაჭერები. არც ერთი ახალი კითხვა, იმისგან განსხვავებული, რაც 2014 წელს დაუსვეს ბოკერიას, არ დასმულა, არც ერთი ახალი გარემოება ამ გამოკითხვის დროს არ გამოვლენილა. უფრო მეტიც, გამოძიება როცა ამბობს, რომ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები,  თუ რაიმე ჩასატარებელი იყო, 2014 წლიდან 2019 წლამდე გამოძიებას ეძინა? ეს ხომ არასერიოზულია. ის, რომ თითქოს ჩაატარეს რამე ახალი საგამოძიებო მოქმედებები, არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი, რომ ხელახლა წამოეწყოთ ეს საქმე ბოკერიას წინააღმდეგ. მინდა, ჰკითხოთ გამოძიებას - ახალი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საჭიროება რამ წარმოშვა თუ არა ბიძინა ივანიშვილის პირდაპირმა დავალებამ? თუ 5 წელი არ თვლიდნენ, რომ ეს საჭირო იყო, ახლა რატომ დადგა ეს საჭიროება?" - ამბობს ბექა ბასილაია.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი პროკურატურამ 6 წლის წინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე 15 დეკემბერს დაიბარა. პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიებას აქვს კითხვები ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. 

უშიშროების საბჭოს მიერ "დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე" გიგა ბოკერია პროკურატურას მოწმის სახით 2014 წლის აპრილშიც ჰყავდა დაბარებული. 

"საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს“, - წერდა პროკურატურა 2014 წლის 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნავდა, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის ძველ პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება"

კომენტარები