ყასემ სოლეიმანის მკვლელობა

ბაღდადში აშშ-ის საელჩოს მახლობლად სარაკეტო შეტევა განხორციელდა

გამოცემა haaretz-ის ცნობით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ე.წ. მწვანე ზონაში სარაკეტო შეტევა განხორციელდა. მწვანე ზონა ბაღდადის ყველაზე მკაცრად კონტროლირებადი ტერიტორიაა, სადაც განთავსებულია ერაყის სახელმწიფო დაწესებულებების და საელჩოების შენობები. 

მწვანე ზონაში მდებარეობს აშშ-ის საელჩოც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რაკეტები საელჩოსგან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა. ჯერჯერობით დაუზუსტებელია რაკეტების რაოდენობა. ასევე, უცნობია თუ საიდან განხორციელდა შეტევა. 

ერაყელი სამართალდამცავების ინფორმაციით, შეტევის შედეგად არავინ დაზარალებულა. გასულ კვირაში ბაღდადის მწვანე ზონაში რამდენიმე შეტევა განხორციელდა. წინა შემთხვევაში აშშ-ის საელჩოს მახლობლად 3 კატიუშას ტიპის რაკეტა ჩამოვარდა. 

ჯერჯერობით უცნობია, დგას თუ არა ამ სარაკეტო შეტევის უკან ირანი. ახლო აღმოსავლეთში ვითარება 3 იანვარს აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ გამწვავდა. 

სოლეიმანის მკვლელობაზე საპასუხოდ ირანმა გუშინ სარაკეტო შეტევები განახორციელა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე. შეტევის შედეგად არ დაშავებულა არცერთი ამერიკელი მოსამსახურე.

დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა.

მისი თქმით, ირანის მიერ ბაღდადში ამერიკის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად არც ერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაშავებულა. ტრამპმა პრესკონფერენციაზე ასევე ცნობილი გახადა, რომ ამერიკა ირანს ახალ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს და ნატოს მოუწოდა, რომ უფრო აქტიურად ჩაერთნონ შუა აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში.

კომენტარები