ისრაელი - ირანი

ნეთანიაჰუ: ვინც ჩვენზე თავდასხმას შეეცდება, ყველაზე ძლიერი დარტყმით დავუპირისპირდებით

ბენიამინ ნეთანიაჰუ
Reuters

მას შემდეგ, რაც დღეს ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი და ჰეზბოლა ისრაელს დაბომბვით დაემუქრა, ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განცხადება გაავრცელა:

"ვინც ჩვენზე თავდასხმას შეეცდება, ყველაზე ძლიერი დარტყმით დავუპირისპირდებით".

გასულ კვირას პრემიერმინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერლის და ტერორისტის ყასემ სოლეიმანის განადგურებას, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ტრამპი სწრაფი, ძლიერი და გაბედული მოქმედებისთვის შეაქო.

რამდენიმე საათის წინ ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე შეტევა ირანიდან განხორციელდა. ირანის რევოლუციური გვარდიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ თავდასხმას "80 ამერიკელი ტერორისტი" ემსხვერპლა. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ ვაშინგტონი არ ადასტურებს. პენტაგონს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

შეტევის შემდეგ მალევე, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი ხაიფასა და დუბაის დაბომბვით დაემუქრა. ასევე, აშშ-ისგან საპასუხო დარტყმის შემთხვევაში, შიიტური გასამხედროებული ორგანიზაცია ჰეზბოლა ისრაელის დაბომბვით დაიმუქრა.

"ჩვენ არ ვაპირებთ, განვაცალკევოთ ისრაელის სიონისტური რეჟიმი აშშ-ის კრიმინალური რეჟიმისგან. ჩვენ ვაფრთხილებთ დიდ სატანას [აშშ] და მის სისხლმოწყურებულ, აროგანტულ რეჟიმს - ნებისმიერი საპასუხო ქმედება მათთვის გაცილებით უფრო მტკივნეული და დამანგრეველი შედეგებით დასრულდება", — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები