აშშ-ირანი

აიათოლა ალი ხამენეი: სარაკეტო თავდასხმა აშშ-სათვის სილის გაწვნაა

აიათოლა ალი ხამენეი
Getty Images

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ერაყში სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თქვა, რომ ეს აშშ-სათვის სახეში სილის გაწვნაა და ახლა აშშ-მა რეგიონიდან ძალები უნდა გაიყვანოს.

"ასეთი სამხედრო ქმედება საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში აშშ-ის გამრყვნელი არსებობა დარსულდეს. ეს რეგიონი ამერიკის აქ ყოფნას არ შეეგუება." თქვა მან სატელევიზიო გამოსვლაში.

მან ასევე გამორიცხა აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელება ბირთვული შეთანხმების საკითხზე.

"მოლაპარაკებები და მაგიდასთან დაჯდომა აშშ-ის ჩარევის დასაწყისია." თქვა ხამენეიმ.

ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე შეტევა ირანიდან რამდენიმე საათის წინ განხორციელდა. ირანის რევოლუციური გვარდიის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ თავდასხმას "80 ამერიკელი ტერორისტი" ემსხვერპლა. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ ვაშინგტონი არ ადასტურებს. პენტაგონს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ხამენეის განცხადების პარალელურად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი ტვიტერზე წერს, რომ სარაკეტო თავდასხმით ირანის პროპორციული პასუხი გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლაზე დასრულდა და მათ ომი და ესლაკაცია არ სურთ, თუმცა თავს დაიცავენ.

რაც შეეხება ირანის ბირთვულ შეთანხმებას, ირანის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დაწესებულ შეზღუდვებს აღარ დაემორჩილებიან და ურანის გამდიდრებაზე დადგენილ ლიმიტებს აღარ დაიცავენ.

განცხადებაში არ არის ნათქვამი, რომ ქვეყანა შეთანხმებას ტოვებს. მასში აღნიშნულია, რომ ირანი გაეროს ატომური ენეგრიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას განაგრძობს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ნოემბერში მათ სააგენტოს ინსპექტორს ნოემბერში აკრედიტაცია გაუუქმა და ნატანზის ლაბორატორიაში, სადაც ურანის გამდიდრება ხდება, შესვლის უფლება არ მისცა.

კომენტარები