BAFTA 2020

BAFTA: დაჯილდოებას მხოლოდ თეთრკანიანი ნომინანტების დასახელებისთვის აკრიტიკებენ

Huftpost

გუშინ ცნობილი გახდა BAFTA-ს ნომინანტები. 

მას შემდეგ,  რაც ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოების ნომინანტები გამოვლინდა, აღმოჩნდა, რომ წარდგენილი მსახიობებიდან ყველა თეთრკანიანია. ამან კინოგურმანებისა და  საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ასევე აღინიშნა ისიც, რომ დასახელებულ რეჟისორებს შორის ყველა კაცია და ქალებს საკმარისი ყურადღება არ დაეთმოთ. 

BAFTA-ს კინოკომიტეტის თავმჯდომარის, მარკ სამუელსონის თქმით, ის წუხს, რომ ინდუსტრია ისე სწრაფად არ ვითარდება, როგორც BAFTA-ს მთელ გუნდს სურს. 

მომხდარზე კომენტარი ჯილდოებისა და წევრობის დირექტორმა, ემა ბაერმაც გააკეთა. "ორგანიზაცია მოხარული იქნებოდა ნომინაციებში მეტი მრავალფეროვნება რომ ყოფილიყო, მაგრამ ეს მთლიანად ინდუსტრიის პრობლემაა. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ ამის შესაცვლელად, მაგრამ წლევანდელი ნომინანტები ამით არ უნდა დაიჩაგრონ."

ინტერნეტში გაჩნდა სლოგანი #BAFTASOWHITE (#BAFTAასეთითეთრია). მსგავსი უკმაყოფილება გამოიწვია ოქროს გლობუსის დაჯილდოებამაც და ზოგი ადამიანი იმავეს ოსკარის ცერემონიასაც უწინასწარმეტყველებს.

შეგახსენებთ, რომ ნომინანტებს შორის დასახელებულნი არიან ისეთი მსახიობები, როგორიცაა ბრედ პიტი, სკარლეტ იოჰანსონი, შარლიზ თერონი, რენე ზელვეგერი, ადამ დრაივერი, ტარონ ეგორტი, ლეონარდო დიკაპრიო და სხვები. ასევე  რეჟისორების კატეგორიაში, კვენტინ ტარანტინოსთან, სემ მენდესთან, ტოდ ფილიპსთან და მარტინ სკორსეზესთან ერთად, ნომინირებულია ბონგ ჯუნ ჰო, ხოლო აკვაფინა წლის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოსთვის იბრძოლებს. 

 

კომენტარები