აშშ-ირანი

ზალკალიანი: ამერიკას თავისი მოქალაქეების დაცვის ლეგიტიმური უფლება აქვს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სარაკეტო თავდასხმის შედეგად გავლენიანი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის განადგურებას ტვიტერზე ეხმაურება. 

დავით ზალკალიანი წერს, რომ აშშ-ს თავისი მოქალაქეების დაცვის ლეგიტიმური უფლება აქვს.

"ჩვენ ვგმობთ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე ბოლოდროინდელ ძალადობრივ, პროვოკაციულ თავდასხმას. აშშ-ს თავისი მოქალაქეების დაცვის ლეგიტიმური უფლება აქვს. ახლა დიპლომატიის დროა, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა", - დაწერა დავით ზალკალიანმა.

3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, გავლენიანი ირანელი გენერალი, აშშ-ის ტერორისტთა სიაში შესული ყასემ სოლეიმანის გაანადგურეს.

სოლეიმანი ირანის რეჟიმის ერთერთი გავლენიანი ფიგურა იყო, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორსპუსის ყველაზე ელიტალურ ქვედანაყოფ "გუდს" მეთაურობდა. 

სოლეიმანის განადგურებას წინ უძღოდა ბაღდადში ირანის მხარდამჭერების თავდასხმა აშშ-ს საელჩოზე. 31 დეკემბერს მათ დაცვის ერთ-ერთ კოშკს, კომპლექსის გარე გალავანში შეღწევა შეძლეს და კედლებზე დატოვეს დაწერა "სოლეიმანი ჩვენი მეთაურია". აშშ-ის სამხედრო ძალებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მანამდე ირანის მიერ მხარდაჭერილ ერაყელ მებრძოლებზე აშშ-ს საჰაერო თავდასხმა იყო - კირკუკში თავდასხმაზე პასუხად, სადაც ერთი ამერიკელი კონტრაქტორი დაიღუპა, ამერიკამ ქათა'იბ ჰეზბოლას ბაზა დაბომბა.

აშშ-ის საელჩოზე 31 დეკემბრის თავდასხმაზე პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ირანი ამისთვის პასუხს აგებდა.

ცნობისთვის, 2019 წლის მაისიდან, მას შემდეგ, რაც ირანსა და აშშ-ს შორის ვითარება სულ უფრო დაიძაბა, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში უკვე დამატებით 14 000 ჯარისკაცი გააგზავნა. ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ძალებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო რეგიონში, დაახლოებით, 3000 დამატებით ჯარისკაცს გაგზავნის.

კომენტარები