აშშ

ერაყში მიმდინარე მოვლენების გამო პომპეომ აღმ. ევროპასა და ცენტრ. აზიაში ვიზიტი გადადო

მაიკ პომპეო
Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ერაყში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის გამო უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და კვიპროსში დაგეგმილი ვიზიტები გააუქმა. 

ამის შესახებ 2 იანვარს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ისაუბრა. განცხადების მიხედვით, პომპეო "გააგრძელებს ერაყში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას და უზრუნველყოფს შუა აღმოსავლეთში მცხოვრები ამერიკელების დაცულობასა და უსაფრთხოებას". 

ამავე განცხადების მიხედვით, 3-7 იანვარს დაგეგმილი მოგზაურობა სხვა დროს ჩაინიშნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის. 

31 დეკემბერს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომიტინგეები აშშ-ის საელჩოს თავს დაესხნენ, მათ დაცვის ერთერთ კოშკს ცეცხლი წაუკიდეს და კომპლექსის გარე გალავანში შეღწევა შეძლეს. აშშ-ის სამხედრო ძალებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

აქცია ირანის მიერ მხარდაჭერილ ერაყელ მებრძოლებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმას მოჰყვა. აშშ-მა დაჯგუფება ქათა'იბ ჰეზბოლას ბაზა კვირას დაბომბა და სულ მცირე 25 მებრძოლი დაიღუპა. 

აშშ-ის საჰაერო თავდასხმა, თავის მხრივ, კირკუკში სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხი იყო, რასაც ერთი ამერიკელი კონტრაქტორის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ რაკეტის გაშვებაში სწორედ ქათა'იბ ჰეზბოლას ადანაშაულებს.

კომენტარები