31 დეკემბერს დაკავებულები

31 დეკემბერს დაკავებული 9 აქტივისტის პროცესი იანვრამდე გადაიდო

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ 31 დეკემბერს ღამით პარლამენტის წინ დაკავებული ცხრავე აქტივისტის სასამართლო პროცესი იანვრამდე გადაიდო.

ზუკა ბერძენიშვილის, ბექა კოკაიას, ბექა ბასილაიას, ზურაბ მჟავანაძის, გიორგი მუმლაძის და ზურაბ ნადირაძის საქმეებს სასამართლო 6 იანვარს განიხილავს, ხოლო ნოდარ რუხაძის, გიორგი შოთაძისა და რომეო ფარულავას საქმეებს 8 იანვარს.

ცხრავე აქტივისტი 31 დეკემბერს, ღამით დააკავეს, როდესაც ისინი პარლამენტის წინ პროტესტანტების კარვების აღებასა და მათ მაგივრად საბავშვო ატრაქციონებს დადგმას აპროტესტებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხრავე პირს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს - წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.

ღამით, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა - დროშები, გიორგი გახარიას ბიუსტი და ბანერები ნაგვის მანქანებით გაიტანა. მათი განცხადებით, ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტს აწყობდნენ. მათივე მტკიცებით, ამის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს წინასწარ მიაწოდეს.

პარლამენტს წინ მიიტანეს სასრიალო ბატუტიც, რომელიც გუშინ ღამითვე გაბერეს, თუმცა დღეს ბატუტი აიღეს, რადგან მისი ვიზუალი თბილისის მერისთვის "სრულიად მიუღებელი" აღმოჩნდა.

კომენტარები