რუსეთი

რუსეთში იეჰოვას ორი მოწმე ექსტრემიზმის ბრალდებით დაიჭირეს

Screenshot Investigative Committee/MT

რუსეთში ჩრდილოეთ დასავლეთით სამართალდამცველებმა ორი იეჰოვას მოწმე დაიჭირეს. გამომძიებლების თქმით, ისინი იეჰოვას მოწმეების რელიგიური ჯგუფის ლიდერები არიან და მათ ბრალად ედებათ ქალაქ ვოლოგდაში "ექსტრემისტული აქტივობების ორგანიზება".

45 წლის მამაკაცს, რომლის სახელსაც არ ასახელებენ, სასამართლომდე წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს, მეორე, 67 წლის პირს კი შინა პატიმრობა.

"ეჭვმიტანილები 2019 წლის იანვრიდან აქტიურ ორგანიზებას უწევდნენ არალეგალურ აქტივობებს, მათ შორის, რელიგიურ აქტივობებს და მომსახურეობას, ექსტრემისტული ლიტერატურის გავრცელება და შემოწირულობებით თანხის აგროვება," - განაცხადეს გამომძიებლებმა.

2017 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ რელიგიური ორგანიზაცია ექსტრემისტულ ჯგუფად ცნო და რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს ქადაგება აუკრძალა. 

მინისტრმა რუსეთის უზენაეს სასამართლოს მოსთხოვა, რომ დაეხურათ რელიგიური ორგანიზაციის სათაო ოფისი და 175 000 წევრისთვის აეკრძალათ ექსტრემისტული ლიტერატურის გავრცელება.

ამის შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 80-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც რელიგიური ჯგუფის წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

7 თებერვალს ორიოლის ოლქში იეჰოვას მოწმეთა უხუცესი დენის კრისტენსენი ექსტრემისტულ ქმედებებში ბრალდებულად ცნეს და 6 წლით პატიმრობა შეუფარდეს.

მარტში იეჰოვას მოწმეების თქმით, რუსეთში, ქალაქ სურგუტში საგამოძიებო კომისიის ოფისში დაკითხვისას ისინი გააშიშვლეს, სცემეს და ელექტროშოკით აწამეს.

რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ეს არის რელიგიური დევნა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც უბრალოდ, საკუთარ რწმენას გამოხატავს. 

რელიგიური ორგანიზაცია რუსეთში 1991 წელს დარეგისტრირდა. საბჭოთა კავშირის დროს ათასობით იეჰოვას მოწმე გადაასახლეს ციმბირში. იმ დროისათვის, სხვა ქრისტიანული დაჯგუფებებიც იდევნებოდნენ.

კომენტარები