ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმე

გამსახურდია: ცოტნეს საზღვარგარეთ, რომელიმე წამყვან კლინიკაში გადაყვანის საკითხი დგას

კონსტანტინე გამსახურდიას ცნობით, ცოტნე გამსახურდია ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე, ნარკოზის ქვეშაა. 

"ახლა დგას საკითხი მისი გადაყვანისა საზღვარგარეთის რომელიმე წამყვან კლინიკაში სადაც გარკვეულ ხანში, როდესაც ამის დრო იქნება, მოხდება მისი გამოყვანა ნარკოზიდან, გაგრძელდება მკურნალობა და ამის შემდგომ გადავა რეაბილიტაციაზე,"- წერს გამსახურდია.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ორგანიზაციული და ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა მიმდინარეობს შესაბამის კლინიკაში ტრანსპორტირებისათვის.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას გულ-მკერდისა და თავის არეში ორი მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე 5 პირი დააკავა. ორ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინა, სამს კი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით.

ოთხ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირი კი, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

ბრალდებულების თქმით, კონფლიქტი იმის გამო დაიწყო, რომ ცოტნე გამსახურდიას ღვინო დაუწუნეს, რამაც გამსახურდია გაანაწყენა.

კომენტარები