გრიპის ვირუსი

სასწრაფო დახმარების ცენტრი: გრიპის სიმპტომების დროს მიმართეთ ოჯახის ექიმს ან პედიატრს

თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დღეებში გრიპის სიმპტომებით მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა.

​ცენტრი მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, გრიპის და მწვავე ინფექციების პირველივე სიმპტომების დროს, ზუსტი დიაგნოზისთვის ოჯახის ექიმს ან პედიატრს მიმართონ.

"ბოლო დღეების განმავლობაში საგრძნობლად იმატა გრიპის სიმპტომებით მომართვიანობამ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისადმი. ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოძახებების მესამედზე მეტი სწორედ გრიპის და გრიპის მაგვარი ვირუსული დაავადებების მქონე პაციენტებზე მოდის.

თხოვნით მივმართავთ მოსახლეობას - გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული დაავადებების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, გართულებების თავიდან აცილებისა და ეფექტური მკურნალობის მიზნით მიმართონ პირველადი ჯანდაცვის რგოლს: ოჯახის ექიმს, პედიატრს, თერაპევტს, რათა მოხდეს დაავადების ზუსტი დიაგნოსტირება, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რომელთა განხორციელებაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენციას აღემატება", - აღნიშნულია თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, ცენტრი მოსახლეობას ახსენებს, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კომპეტენცია შემოიფარგლება პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სიცოცხლისათვის საშიში და გადაუდებელი მდგომარეობების მართვით.

კომენტარები