აშშ-საქართველო

კაკულია სახ.დეპ-ის განცხადებაზე: ასე ამოგლეჯილად წაკითხვა არ შეიძლება

droa.ge

ქართული ოცნების დეპუტატი რომან კაკულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე ამბობს, რომ "ამის ასე ამოგლეჯილად წაკითხვა არ შეიძლება". TV პირველის ეთერში კაკულიამ იმედი გამოთქვა, რომ "როცა განვითარდება ჩვენი სახელმწიფო, ვისწავლით კარგად ასეთი ტიპის გზავნილების წაკითხვას". მისივე თქმით, მმართველი გუნდი ხედავს სასამართლოსა და პროკურატურაში გამოწვევებს, თუმცა, საზოგადოება იმის წაკითხვა უნდა ისწავლოს, რაც "სტრიქონებს შორის" არის.

"ეს განცხადება ადასტურებს შემდეგს: აშშ-ის ინტერესი იმ ტერიტორიის მიმართ, რომელზეც სახელმწიფო საქართველო მდებარეობს, კვლავ უცვლელი და მნიშვნელოვანია. ის არის მზად, ითანამშრომლოს ყველა იმ ხელისუფლებასთან, რომელიც ერთი მხრივ, იქნება იმ ინტერესების გამტარებელი და მეორე მხრივ, დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლის გარეშეც მას არ შეუძლია ასეთი პარტნიორული ურთიერთობა, ახლა ამ გზავნილიდან მთავარი დასკვნა, რაც საზოგადოებამ უნდა გააკეთოს - ვინ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არამხოლოდ ამერიკის ინტერესების გატარებისთვის არის ამ ტერიტორიაზე მზად, არამედ, საქართველოს ინტერესების შესაბამისობის უფრო მაქსიმალური მაღალი სტანდარტი შეუძლია შესთავაზოს ამ ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობას. მთავარი შეკითხვა ამაშია და არა იმაში, ამ გზავნილში დავინახოთ თუ არა საჭიროება პროკურატურის, სასამართლოსი და ან არდანახვა იმის, თითქოს ჩვენ ვერ ვხედავდეთ გამოწვევებს ან სასამართლოში ან პროკურატურაში, გამოწვევები არის, რათ უნდა ამას ამერიკიდან შემოგზავნილი რაღაცა მითითებები. რა თქმა უნდა, არის გამოსასწორებელი, ამას თავისი მიზეზები აქვს და ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ სტრიქონებს შორის რაც არის, ყველაფრის წაკითხვა უნდა ისწავლოს საზოგადოებამ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი" - თქვა კაკულიამ და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლება "ამერიკის და დასავლეთის ინტერესების გატარებაზე კი არ იყო [უარზე], ის კიდევ უფრო მზად იყო მათი ინტერესების გასატარებლად, უბრალოდ, ქართველი ხალხის ინტერესები ვეღარ გაატარა".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს პროკურატურისა და სასამართლოს თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაშია ნათქვამი. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს დაცულ, კეთილდღეობით სავსე და დემოკრატიულ საქართველოს.

"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან" - წერია განცხადებაში. 

კომენტარები