მელიას მანდატი

ენმ პარლამენტის დადგენილებას, რითაც მელიას მანდატი შეუჩერეს, საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის დადგენილებას, რომელზე დაყრნობითაც ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს, საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი ამბობს, რომ დადგენილება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 ნაწილთან შეუსაბამოა. 

კონდახაშვილი ამბობს, რომ პარლამენტს არ ჰქონდა უფლება შეეწყვიტა მელიასათვის დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ როცა ორი ინსტანციის სასამართლოა დარჩენილი და მათ შესაძლოა განსხვავებული გადაწყვეტილებ მიიღონ. 

"კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც წერია, "კანონიერ ძალაში შესული განაჩენი" არის აბსოლუტურად სხვა დატვირთვის მატარებელი და ვერანაირად ვერ იქნება შესაბამისობაში პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომელიც ორ ინსტანციაში შესაძლოა გასაჩივრდეს და შეიცვალოს. შესაბამისად, არ ჰქონდა პარლამენტს უფლება ამ მუხლზე დაყრდნობით მიეღო გადაწყვეტილება," - ამბობს კონდახაშვილი ტაბულასთან საუბრისას. 

ადვოკატის თქმით, საჩივარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად მოამზადეს და საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეიტანეს. ასევე მიმართეს სახალხო დამცველს.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს და დადგენილებას კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობს, ის ძალადაკარგულად გამოცხადდება და ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება ავტომატურად აღუდგება.

პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება 12 დეკემბერს შეუწყვიტა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ოპოზიცია ამბობდა, რომ მელიას მანდატი არ უნდა შეჩერებოდა, სანამ სამივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი არ იქნებოდა. 

2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება.

კომენტარები