რუსული ოკუპაცია

კუხიანიძე რუსეთზე: ვაგინოთ, ვაფურთხოთ იმ ძალას, რომელიც ჩვენზე გაცილებით ძლიერია?

ამერიკელი და დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ რუსეთთან უნდა ილაპარაკოთ, უნდა გამონახოთ საერთო ენა, ეს ხომ ფაქტია? ამას გვეუბნებიან. არაფერი გააკეთოთ და არ გადადგათ ისეთი ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს თქვენ მდგომარეობას. იმიტომ, რომ ვერ გვეხმარებიან იმაზე მეტს, რაც შეუძლიათ. ეს არის აქსიომა, რეალობა. ამიტომ, ნებისმიერ ქმედება ნებსით თუ უნებლიედ, რომელიც ამის საწინააღმდეგოდაა მიმართული აზიანებს ქვეყანას, ეს არის ისეთი რამ, რაზეც ვერც ერთი მხარე ვერ შემომედავება.

როდესაც შენ ვიღაცას მუდმივად ეძახი ოკუპანტს, აგინებ, ლანძღავ, უკანალს უშვერ, შეუძლებელი ხდება იმ გარემოს შექმნა, სადაც დალაპარაკება, რაღაცაზე მსჯელობა არის შესაძლებელი.

ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ქართველები ერთმანეთს დარევიან, მაგრამ მერე რაღაცები ლაგდება. მუდმივად ამ რეჟიმში ვიყოთ? ვაგინოთ, ვაფურთხოთ იმ ძალას, რომელიც ჩვენზე გაცილებით ძლიერია? რომელიც, ჩვენი დასავლელი პარტნიორები რომ არა, დიდი ხანია სხვანაირად დალაგდებოდა სიტუაცია. გვეუბნებიან ეს ადამიანები [დასავლელი პარტნიორები], რომ არ დავუძახოთ, ნუ აგინებთ. ევროპელი პარტნიორები რომ იძახიან რაღაცას, ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენც იგივე უნდა ვიძახოთ? ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი გვეუბნება, რომ ჩვენ [რუსეთმა და საქართველომ] უნდა გამონახოს საერთო ენა.

ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

კომენტარები