თავდასხმა ცოტნე გამსახურდიაზე

ექიმი: ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა, რჩება მართვით სუნთქვაზე

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე რჩება.

"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვისაც რჩება მძიმე, ის მართვით სუნთქვაზე რჩება სამკურნალო დაცვითი ნარკოზით. ღამის განმავლობაში რამენაირ გართულებას ადგილი არ ჰქონია. უტარდება დაგეგმილი მოცულობის მკურნალობა და მეთვალყურეობა. დინამიკაში გამოჩნდება, ჩარევის მოცულობა შეიცვლება თუ არა სამედიცინო თვალსაზრისით. არსებითი ცვლილებები არ გახლავთ, დაახლოებით ისეთივე სიმძიმის პაციენტად რჩება, როგორიც იყო წინა ეტაპზე. ასე ჰქვია პაციენტის მდგომარეობას ამ ეტაპისთვის", - ამბობს ნინო ბურდული.

მისივე ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით, ახალი ოპერაცია არ იგეგმება.

"ქირურგიული ჩარევა ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჩატარებული ქირურგიული ჩარევების ეფექტი დამაკმაყოფილებელია ამ ეტაპისთვის. სხვა ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია", - ამბობს ექიმი.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია თბილისში 19 დეკემბერს დაჭრეს. ის გულ-მკერდისა და თავის არეში ჩატარებული ორი მძიმე ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე რჩება და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს. უწყება ამბობს, რომ საქმე უკვე გახსნა და 5 პირი დააკავა - 1 განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ხოლო 4 განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

კომენტარები